მე-11 დღეა პარლამენტის შენობასთან ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე შიმშილობს

უკვე მე-11 დღეა, პარლამენტის შენობასთან ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე შიმშილობს.

მაჩაიძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში სამართალი ვერ იპოვა. ის ამბობს, რომ თვალთმაქცური გარიგების მსხვერპლია.

საქმე ეხება 5 წლის წინ იპოთეკარებთან შუამავლების მეშვეობით დადებულ ხელშეკრულებას, ვითომდა იპოთეკური სესხის თაობაზე, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ხელი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას მოაწერა.

გოჩა მაჩაიძის თქმით, მალევე დაადგინა, რომ ხსენებული ხელშეკრულებით ის ფაქტობრივად ქონებას (საცხოვრებელ კორპუსს) კარგავდა და სასამართლოს სარჩელით მიმართა. სასამართლომ დაადასტურა, რომ ხელშეკრულება თაღლითური გზით იყო გაფორმებული. სასამართლომ გაამართლა, პროკურატურამ კი დაზარალებულად ცნო, თუმცა გოჩა მაჩაიძეს კორპუსის გაყიდვის უფლება ამ დრომდე არ ეძლევა, რამაც უკიდურეს ფინანსურ გაჭირვებამდე მიიყვანა.

გოჩა მაჩაიძე „პირველთან“ ყვება, რომ კორპუსის ასაშენებლად საჭირო თანხების ნაწილი სიდედრის სახელზე გაფორმებული ქონების ჩადების შედეგად მიიღო, ახლა კი 10-სულიანი ოჯახის გამოსახლების საშიშროებაც დგას, ვინაიდან უსახსრობის გამო, ვალს ვეღარ იხდის.

ამას გარდა, რამდენიმე პირის, მათ შორის მიწის მეპატრონეების მიმართ, ფინანსური ვალდებულებაც აქვს, რომელიც ასევე კორპუსის ასაშენებლად აიღო. გოჩა მაჩაიძის განცხადებით, კორპუსის რამდენიმე ბინის გაყიდვა, მის პრობლემებს მოაგვარებს, თუმცა აღნიშნულის შესაძლებლობა არ ეძლევა და ქონება მის კუთვნილებაში ფორმალურადაა:

„გავაფორმე „იპოთეკური სესხის“ ხელშეკრულება. მითხრეს, იპოთეკარებს რომ გადასახადი ბევრი არ ჰქონდეთო, ფინანსურად ძალიან რომ არ დაიტვირთონო, ყიდვა-ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდოსო. ისე ლამაზად მომაწოდეს, რომ დავიჯერე ყველაფერი. გარკვეული დროის შემდეგ, ახლობლებმა გამარკვიეს, რომ ამ ხელშეკრულებით ფაქტრობრივად ვკარგავდი შენობას.ვიჩივლე, სასამართლომ დაკითხა მოწმეები და მოსამართლემ დაასკვნა, რომ ეს იყო თვალთმაქცური გარიგება“,-განუცხადა „პირველს“ გოჩა მაჩაიძემ.

მისივე შეფასებით, ე.წ. ხაფანგ ხელშეკრულება იმდენად „მაღალ დონეზე“ იყო დაგეგმილი, რომ ერთი ადამიანი მას ვერ გააკეთებდა.

ვეტერანი ფეხბურთელი მას ჯგუფურ გარიგებას უწოდებს და ითხოვს, ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს:

„ამ საქმეში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ეს იციან პროკურატურაში, მაგრამ რატომღაც დგას საკითხი ერთი, ან ორი ადამიანის დასჯაზე. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა, თორემ ხდება ისე, რომ ჯგუფური გარიგების დროს ვიღაც ერთს ტოვებენ მსხვერპლად, ის მიიღებს რაღაც გარკვეულ სასჯელს.ჩემი თვითმიზანი არ არის ვიღაცის დასჯა, მინდა, მივიღო კომპენსაცია, რომ გამიმწარეს სიბერე. ასე ადამიანის გაწირვა არ შეიძლება. 5 წელია ტანჯვით ვცხოვრობ, როდის და როგორ დამთავრდება ყველაფერი ღმერთმა იცის. შუამავლებსა და ფულის გამღებს შორის დაიწყო ერთმანეთზე გადაბრალება, ერთი ამბობს, რომ რა ვქნა ის არ გაძლევს გაყიდვის უფლებას, მეორე პირიქით საუბრობს. მოკლედ, მეპატრონე ვარ, მაგრამ არ მაძლევენ ჩემი ქონების გაყიდვის უფლებას“,- განაცხადა გოჩა მაჩაიძემ.

დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: საქმეში ოფიციალურად ბრალდებულ ორ პირს 30 -30 ათას ლარიანი გირაო აქვს გადახდილი. საბოლოო განაჩენი ჯერ არ დამდგარა.

„იცინიან და კარგად არიან, შეიძლება, მოგვარებულიც აქვთ საქმე“,-აღნიშნავს გოჩა მაჩაიძე.

გოჩა მაჩაიძე შიმშილობის გზით ცდილობს, როგორმე მიაწოდოს ხმა მთავრობის წარმომადგენლებს, რათა ისინი მისი საქმით დაინტერესდნენ.

„მე-11 დღეა უკვე აქ ვარ და ვშიმშილობ. ძალიან არასასიამოვნო და სამწუხარო ფაქტია პირველ რიგში ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელებისთვის. არ არის სასიამოვნო, როდესაც ასეთ დროს ადამიანი აცხადებს შიმშილობას. მე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაანალიზებული მაქვს, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა.ვცდილობ რამენაირად მივაწვდინო ხმა მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, რომ საქმით დაინტერესდნენ. ეს არ არის პოლიტიკური აქტი, ეს არის უბრალოდ ჩემი უმორჩილესი თხოვნა“,-განაცხადა გოჩა მაჩაიძემ.

მაჩაიძე ამბობს, რომ ფინანსური კრიზისის გამო, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაალომბარდა:

„40 წლის წინ გავხდი ჩემპიონი, ავიღე ოქროს მედალი, მანამდე მქონდა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი, წავიღე და ეს მედლებიც კი ჩავაბარე ლომბარდში. შეიძლება ამის თქმა სამარცხვინოა, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა, იმდენად ფინანსურ გაჭირვებას განვიცდი“,-აცხადებს „პირველთან“ გოჩა მაჩაიძე.

გოჩა მაჩაიძეს როგორც დედაქალაქის, ისე ცენტრალური მთავრობის დახმარების იმედი აქვს. მაჩაიძის თქმით, მერიის წარმომადგენლები მისი პრობლემით დაინტერესდნენ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, არ გამორიცხავს, უცხო ქვეყნებს თავშესაფრის თხოვნით მიმართოს:

„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია (არვიცი, მართალია, თუ ტყუილი), როიმ ცდილობენ, რამენაირად დამეხმარონ. მერია დაინტერესდა, ალბათ, კახი კალაძე საქმის კურსშია. ჩემთან მოსული იყო ირაკლი გვილავა, რომელსაც მერიაში სპორტის მიმართულება აბარია.

პარლამენტიდან რამდენიმე კაცი მოვიდა, ჩემი ძველი ნაცნობები და მეგობრები, მაგრამ დახმარება არ მითხოვია. მათი უფლება-მოვალეობები ვიცი, ახლა დავიარო და რამდენ კაცს პარლამენტში ვიცნობ და ხელს ვართმევ, ყველას კარზე დავაკაკუნო და მოვუყვე, კიარ მაკადრებენ, მაგრამ იფიქრებენ: „გოჩა, არა ხარ პატარა ბიჭი და შენ იცი, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია“.

მთავრობის იმედი მაქვს, რომ ადამიანურად ჩაერევიან და იტყვიან თავის სათქმელს.თუ წყლის ნაყვა უნდა გამომივიდეს, მაშინ აღარ ყოფილა სამართალი, ეს ქვეყანა ჩემი (ც) მეგონა, ალბათ, (ც) უნდა მოვაშორო. შეიძლება მივიდე იქამდე, რომ თუ სამართალს ვერ მივაგენი, უცხო ქვეყნებს, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მივაწოდო ხმა და მოვითხოვო თავშესაფარი. წავალ, იქნებ გამოვადგე ჩემი სპეციალობით, მაგის უნარი კიდევ მაქვს.შეიძლება, რომელიმე გუნდს რაღაც სიკეთე მოვუტანო.ამ საკითხს დავაყნებ, თუ ვინმე გამომეხმაურება უცხო ქვეყნებიდან, წავალ“,-აცხადებს გოჩა მაჩაიძე.

ის უკიდურეს შემთხვევაში უცხოეთში წასვლას აპირებს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვალებს გაისტუმრებს:

„პირველი ფიქრი მექნება, რომ ვალები გავისტუმრო. მევალეებს არ გავექცევი, ღმერთმა დამიფაროს. პატიოსან ხალხთან უნდა დავრჩე ადამიანად, რომ ჩემი სახელი სალანძღავად არ დარჩეს, შემდეგ უნდა ავკრიბო გუდა ნაბადი და წავიდე. საქართველო, რომელიც მიყვარს, მიყვარდა და მეყვარება მუდამ, გახდა ქვეყანა, სადაც ჩემი ადგილი არ არის“,– აღნიშნა გოჩა მაჩაიძემ.

როგორია შიმშილობის მე-11 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? გოჩა მაჩაიძე ბოლო დღეებში თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარს ამბობს. მაჩაიძე ვარაუდობს, რომ შიმშილობას კიდევ 3 დღე შეძლებს:

„ვსვამ ბარალგინს,რიბოქსინს და ხანდახან წნევის წამალს, რომ არ გამექცეს წნევა. ვსვამ ყავასაც, რაც დაშვებულია. 2-3 დღეა ვამჩნევ რომ მაფარფატებს. ვფიქრობ, 2-3 დღე კიდევ გავძლებ. იქნებ ამ პერიოდში მივიღო პასუხი. თუ ვერ მივიღებ, სიკვდილს არ ვაპირებ, ოჯახს ვჭირდები, იმ ადამიანებსაც, ვისთანაც დავალიანება მაქვს. მეგონა ქვეყანასაც ვჭირდებოდი… როცა ვეღარ შევძლებ შიმშილობას, მამაოებს მოვიყვან და მათი კურთხევით შეიძლება, შევწყვიტო. ამის შემდეგ დაველოდები, დაახლოებით ერთი კვირა მოვლენების განვითარებას და არ გამოვრიცხავ, მშრალი შიმშილობაც დავიწყო“,- განაცხადა „პირველთან“ ქართველმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გოჩა მაჩაიძემ.

წყარო:pia.ge

Facebook Comments

ახალი დადებული