სპეცოპერაცია 5 ღამის კლუბში ჩატარდა, მათ შორის „ბასიანში”,„გალერისა” და „მტკვარში”

გავრცელებული ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ხუთ ღამის კლუბში, მათ შორის „ბასიანში, „გალერიში” და „მტკვარში”  ერთდროულად ჩატარდა.

როგორც  „გალერის” იურისტი აცხადებს,  კლუბში ჩხრეკა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, შესაძლოა, ამოიღეს რაიმე ნივთიერება, თუმცა რეალიზატორი მათ კლუბში არ დაუკავებიათ.

„ამოიღეს გაურკვეველი ნივთიერება, თუ რა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჩვენგან ადმინისტრაციული წესით ხუთი პირი დააკავეს. დაკავებულია დაცვის უფროსი ვიქტორ ჯანეტაშვილი – ადგილზე გავარკვევ ახლა ყველაფერს. ნარკორეალიზატორი ჩვენთან არ დაუკავებიათ”- განუცხადა ჟყრნალისტებს ხათუნა ხურცილავამ.

სამართალდამცველები  კლუბებში შესვლა კლუბების სტუმრებმა გააპროტესტეს, შედეგად, პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ღამის კლუბების სტუმრებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს და საპროტესტო აქცია გამართეს., სადაც გზის გადაკეტვას შეეცადნენ, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი და „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

Facebook Comments

ახალი დადებული