თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემის მოგვარებას იწყებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობითდაზარალებულების პრობლემის მოგვარებას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დედაქალაქში მცხოვრები 3000-ზე მეტ ოჯახს ეხება.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ოჯახები წარმოადგენენ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს. მათ თავის დროზე სახელმწიფოს გადაუხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო მშენებლობა და სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს. 20-25 წლის განმავლობაში, დღესაც ეს ადამიანები სასოწარკვეთილები ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს. ადამიანები დაბერდნენ ლოდინში, თუ როდის მიიღებენ ბინებს. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს პრობლემა მოგვარდეს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი მერობის პირობებში ეს პრობლემა მთლიანად დავამთავროთ. სამწუხარო გარემოება ასევე გახლავთ, რომ მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი, რომლებზეც ზემოხსენებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უნდა განეხორციელებინა სახელმწიფოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პრივატიზებულ  იქნა სხვადასხვა პირებზე, რითაც სრულად უგულებელყოფილი იქნა დაზარალებული ოჯახების მრავალწლიანი მოლოდინები და მათთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესაძლებლობები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. თუმცა, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვიწყებთ ამ პრობლემის მთლიანად მოგვარებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მოძიებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთები და სულ მცირე 800 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ დამატებით მუნიციპალურ მიწებს, სადაც ეს პრობლემა მოგვარდება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ საკუთარი ბინები. პირველ ეტაპზე 800 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, ამიტომაც შევიმუშავეთ ძალიან სამართლიანი პრინციპი. პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდებიან ყველაზე დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახები და შემდგომ კი ამავე პრინციპის მიხედვით, დანარჩენები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესის მართვა მერიის მხრიდან სამართლიანად, თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განხორციელდეს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, დეველოპერული კომპანიების შერჩევა კონკურენტული პრინციპით განხორციელდება, ხოლო კრიტერიუმი იქნება შედეგი – ვინც მეტი პირის დაკმაყოფილებას შეძლებს, ის იქნება გამარჯვებული.

„სოციალური სარეიტინგო ქულების დადგენა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური აგენტების მეშვეობით, დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე. დაზარალებულ პირთა იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს სოციალური ქულა, შეუძლიათ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს და მოხდება მათთვის შესაბამისი სოციალური სარეიტინგო ქულის დადგენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: 1tv.ge

Facebook Comments

ახალი დადებული