Freedom House-მა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით დაშვებული ორი შეცდომაც აღიარა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის ანგარიშში მედიაჰოლდინგ „იმედთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ორი მცდარი ფაქტი აღიარა და შენიშვნის სახით გაასწორა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე ჩანაწერი 14 მაისს გაჩნდა.

11 აპრილს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ტენდენცია გაუარესებულია, რის დასტურადაც ორგანიზაციას რამდენიმე მცდარი ფაქტი ჰქონდა მითითებული. ერთ-ერთი იყო ის, თითქოს დაიხურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომელიც პირდაპირ ეთერში პარლამენტის სხდომებს გადასცემდა. 13 აპრილს, ორგანიზაციამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა აღიარა.

11 აპრილის გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია ასევე წერდა, რომ თითქოს 2012 წლამდე ტელეკომპანია „იმედი“ კრიტიკული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლოიალური გახდა მოქმედი ​​​​მთავრობისადმი. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშს მედიაჰოლდინგი „იმედი“ განცხადებით გამოეხმაურა.

14 მაისს Freedom Houses-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შენიშვნაში ვკითხულობთ: „ამ ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შეცდომით ეწერა, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ საკუთრების უფლება გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუბრუნა. სინამდვილეში, ტელეკომპანიაზე კონტროლი ოჯახს დაუბრუნა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას შემდეგ, რაც ის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. ასევე, ამ ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში არასწორად იყო აღნიშნული, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროს“ და GDS-ის გაერთიანება „შერწყმის“ შედეგი იყო, როდესაც სინამდვილეში ეს კომბინაცია ორი გარიგების რეზულტატია“.

19 აპრილს, აშშ-ში, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ანგარიშის ავტორი აცხადებდა, რომ Freedom House-ი, უზუსტობების მიუხედავად, საქართველოსთან მიმართებით ანგარიშის გადახედვას არ აპირებდა, მათ შორის არც მედიის საკითხებთან დაკავშირებით.

ინფორმაციას IMEDINEWS-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, მანამდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 ანგარიშში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა აღიარა და ჩასწორა

ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად არჩევის შემდეგ დახურა მეორე არხი, რომელიც პარლამენტის სხდომებს გადასცემდა.

„აღნიშნული ანგარიშის წინა ვერსიაში არასწორად იყო ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი დაიხურა. არხი ამ დრომდე ოპერირებს, თუმცა მისი კონტენტი შემცირებულია“, – აღნიშნულია „ფრიდომ ჰაუსის“ ​ ანგარიშის შესწორებაში, რომელიც ანგარიშს ერთვის.

წყარო:1tv.ge

Facebook Comments

ახალი დადებული