მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

სამების ტაძარი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.

ამაღლება-ქრისტიანული დღესასწაულია აღდგომიდან მეორმოცე დღეს. იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“.

აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.

საპატრიარქო 17 მაისის განრიგსაც ავრცელებს – 10:00 დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში; 11:30 გვარები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან; 12:00 დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან; 12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები; 13:00 ქაშვეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადაიხდიან სამადლობელ პარაკლისს და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.

დღეს სამებაში საყოველთაო ჯვრისწერაც გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული