ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურედან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყის პირას დათვის ბელი იპოვა.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე გავიდნენ და დაახლოებით 2 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელი იპოვეს. ბელს დაზიანება არ აღენიშნებოდა.

მისი ასაკიდან გამომდინარე, ბელის ველურ ბუნებაში გაშვება  მიზანშეწონილი არ იყო. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბელი ცაგერიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს.

თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს. რაც დათვებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალური შესაძლებლობა აქვთ. ხოლო, როდესაც მიბარებული დათვის ბელი მზად იქნება, მოხდება მისი ველურ ბუნებაში დაბრუნება.

4 მაისს ცაგერში ნაპოვნი ორი დათვის ბელიც თბილისის ზოოპარკს მიაბარეს.

Facebook Comments

ახალი დადებული