ჯერალდ კონოლი-“ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება “

არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება.

ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონგრესმენის შეფასებით, სამაგალითოა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული მმართველობა მოიპოვა ისეთ სამეზობლოში, სადაც ხშირად იდგამდა ფესვებს ავტოკრატია და ავტორიტარიზმი.

“განსაკუთრებული სიმამაცე დასჭირდა საქართველოს ამ კუთხით მისი დიდი მეზობლის – რუსეთის განწყობების გათვალისწინებით. ჩვენ ამერიკაში, კონგრესში საქართველოს გვერდით ვდგავართ. ჩვენ დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ თქვენი სიმამაცით და აქ, კონგრესში ჩამოვაყალიბეთ მხარდამჭერთა ძლიერი ჯგუფი, იმისთვის რომ თქვენს გვერდში ვიდგეთ. ჩვენ ვიღებთ რეზოლუციებს, გამოვხატავთ მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს დამოკიდებლობის, არამედ განსაკუთრებით ქართული სიმამაცისადმი”, – განაცახდა ჯერალდ კონოლიმ.

კონგრესმენმა ისაუბრა თავისუფლების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების შესახებ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.

“ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება. ამ კვირას მე მივემგზავრები პოლონეთში, ნატოს შეხვედრაზე, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ამ პოზიციას, როგორც ნატო; რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ჩვენი ქართველი მეგობრების მიმართ, როგორც ალიანსი. ჩვენ გვეამაყება, რომ გასულ წელს საქართველოში ჩავატარეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენთვის, ალიანსისთვის და საქართველოსთვის, არამედ თქვენი მეზობლისთვის – რუსეთისთვის. დიდი პატივი და პრივილეგიაა დღეს თქვენთან ყოფნა, ამ იუბილის აღნიშვნა და ქართული სულისკვეთების წახალისება არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ, თქვენი სამეზობლოს სხვა ნაწილებშიც”, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბობ გუდლატე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ელიოტ ენგელი, კონგრესმენები – დევიდ პრაისი, დანკან ჰანტერი და მარკ სანფორდი დაესწრნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული