მომაკვდავმა ქალმა ქიმიოთერაპიას მოგზაურობა არჩია

როდესაც 90 წლის ნორმა ბერშმიტს კიბოს ბოლო სტადია დაუდგინდა, მან დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა მკურნალობაზე და ნაცვლად ამისა, უფრო პოზიტიური გზა მოეძებნა  ცხოვრების ბოლო დღეების გასავლელად. ინფორმაციას BBC NEWS ავრცელებს.

მან გადაწყვიტა სიცოცხლეში ბოლოჯერ ემოგზაურა და უნებლიედ გახდა ინტერნეტ ჰიტი მთელი მოგზაურობის მანძილზე. ფეისბუქის გვერდზე მისი მოგზაურობების შესახებ ამბებმა ფანების მოზიდვა დაიწყო და მალე 440 000 მიმდევარი გაუჩნდა.

მიჩიგანის მცხოვრებმა, ნორმა ბერშმიტმა ერთ წელზე მეტი გაატარა გზებზე მოგზაურობაში  ვაჟიშვილთან, ტიმთან და რძალთან, რემი ლიდლთან ერთად ბორბლებიან საავტომობილო სახლში. მათ 20 900 კილომეტრი გაიარეს და 34 შტატს ეწვივნენ.

მოგზაურობა 2015 წლის ივლისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც გამოკვლევების შედეგად ბერშმიტს ექიმებმა განუცხადეს, რომ კიბოს ბოლო სტადია ჰქონდა. ეს მისი მეუღლის, ლეოს გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ მოხდა. მისმა რძალმა განაცხადა: ” მე და ტიმს საავტომობილო სახლში რამდენიმე წელი გვაქვს გატარებული და როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა, გავაკეთეთ ის, რასაც ყველა ოჯახი იზამდა,  ჩვენთან საცხოვრებლად მოვიწვიეთ. იგი ერთ წუთს დაფიქრდა და შემდეგ განაცხადა: ‘დიახ’. ის მზად იყო, თავგადასავლებისთვის”. “პირველი , რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ შევუძინეთ ეტლი, რომ ექსკურსიებსა და პიკნიკებში ისიც ჩაგვერთო და ეკეთებინა, რაც სურდა. ეს იყო მისი თავისუფლების ბილეთი”,- განაცხადა ქალბატონმა ლიდლმა.

ფეისბუქზე გვერდის შექმნაც ლიდლის იდეა იყო. მან გვერდს ” ქალბატონი ნორმას მოგზაურობა”დაარქვა .

„გვერდი მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენს ოჯახს სცოდნოდა, თუ სად ვიმყოფებოდით. როდესაც გვერდმა ასეთი პოპულარობა მოიხვეჭა, ნორმა გაოგნებული იყო”,- განაცხადა მან.

ლიდლის თქმით,   ისინი სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობდნენ, შტატიდან შტატში გადადიოდნენ და რამდენიმე დღე ან თვე რჩებოდნენ, რაც დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ გრძნობდნენ თავს. ბერშმიტის ფეისბუქ მიმდევრების რიცხვის ზრდასთან ერთად, მათ უკვე სხვადასხვა ღონისძიებებზე და შეკრებებზე მიწვევების მიღება დაიწყეს, მათ შორის მიიღეს მიწვევა საკალათბურთო გუნდ Atlanta Hawks –ის მატჩზე, ისევე როგორც უამრავი ხალხისგან, რომლებიც  სახლში ვახშამზე ეპატიჟებოდნენ.

ოჯახმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურა და ერთ კვირას თუ ვაშინგტონში იყო, სხვა დროს სამხრეთ კაროლინაში სენტ პატრიკის დღესთან დაკავშირებულ აღლუმში მონაწილეობდა ან იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში იყო სტუმრად მასაჩუსეტის სანაპიროზე. მათ ჯორჯიის შტატში ოქროს საბადოც მოინახულეს. ბერშმიტმა თავისი ცხოვრების ოცნებაც კი აიხდინა და ფლორიდაში საჰაერო ბურთით იფრინა.

“ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ ჩვენს ქვეყანაში უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანით”,- განაცხადა ლიდლმა. მისი თქმით,  დედამთილი ძალიან თავმდაბალი ქალი იყო, დიდი მოთხოვნილებების გარეშე, მაგრამ მას ჰქონდა ძალიან ნათელი წამოდგენა, თუ რა იყო მისთვის მნიშვნელოვანი.

ბერშმიტი დიაგნოზის დადგენიდან ზუსტად ერთ წელიწადში გარდაიცვალა.

“მას ძალიან ბედნიერი ბოლო წელი ქონდა, იყო ძალიან უბრალო ქალი, რომელიც არასოდეს არ იყო განებივრებული ყურადღებით ცხოვრების მანძილზე. და სწორედ ეს არის ამ ისტორიის სილამაზე, ის იყო ის, რაც იყო”- განაცხადა ლიდლმა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული