ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურების საქმეზე ბრალი წარუდგინეს

ჰოლივუდის კინოპროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს ორი ქალის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ნიუ-იორკის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, პროდიუსერის ბრალად ედება პირველი და მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება.

მანამდე, CNN- ი გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პროდიუსერს ბრალი წარუდგინეს. როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ვაინშტაინისგან გირაოს სახით 2 მილიონი დოლარის გადახდას მოითხოვენ.
გარდა ამისა, NYT- ს წყარომ განაცხადა, რომ ვაინშტაინს ერთ ეპიზოდზე წარუდგინეს ბრალი. გამოცემის წყაროს თანახმად, ეს მსახიობ ლიუსი ევანსის ბრალდებებს ეხება. გარდა ამისა, გამომძიებლები 2010 წელს ნიუ იორკში მსახიობ პას დე ლა ჰიერტას მიმართ პროდიუსერის მიერ გაუპატიურების შესახებ ინფორმაციის შემოწმებას მოითხოვენ.

ოქტომბრის დასაწყისში, The New York Times-ში ვაინშტაინის შესახებ გამოძიების მასალები გამოქვეყნდა, სადაც მსახიობები, მათ შორის ანჯელინა ჯოლი, ეშლი ჯადი და გვინეტ პელტროუ ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. მასალის გამოქვეყნების მერე სულ უფრო მეტი მსახიობი ალაპარაკდა პროდიუსერის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ. ამ სკანდალის გამო იგი თავისივე კომპანიიდან Weinstein Company გააგდეს, ჩამოართვეს კინოაკადემიის წევრობის უფლება და ჯილდოები, ხოლო აშშ-ის რეჟისორთა გილდია მან თავისით დატოვა.

ჰარვი ვაინშტაინი კომპანია Miramax-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. კომპანიამ გამოუშვა ისეთი რეჟისორების ფილმები, როგორებიც არიან სტივენ სოდერბერგი, კვენტინ ტარანტინო, პიტერ გრინუვეი და პედრო ალმადოვარი. კომპანია 90-იან წლებში დამოუკიდებელი კინოს რევოლუციის ლიდერი იყო.

Facebook Comments
%d bloggers like this: