როგორ შეიქმნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 2018 წლის 26 მაისს 100 წელი გავიდა. ამ დღეს საქართველო განსაკუთრებით აღნიშნავს, ქვეყნის ყველა ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა, საზეიმო თარიღისთვის მზადება მიმდინარეობდა.

რა ვიცით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, რომელმაც გასულ საუკუნეში სულ 3 წელი იარსება, და რომლის შესახებაც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ისტორიის არცერთ სახელმძღვანელოში არაფერი ეწერა.

დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე, საქართველო გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, რუსეთის სამეფოს შემადგენლობაში საუკუნეზე მეტხანს შედიოდა. ტრაქტატის მიხედვით, რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდ სამეფოს, ქართლ-კახეთს მტრებისგან დაცვას და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ჰპირდებოდა, თუმცა როგორც მალე გაირკვა რუსეთის სამეფოს, საქართველოსთან მიმართებაში სხვა გეგმები ჰქონდა.

რუსეთის იმპერატორმა,ალექსანდრე პირველმა 1801 წელს გამოსცა მანიფესტი, რომლის თანახმადაც,  ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის ნაწილად გამოაცხადა. ყველა ბაგრატიონი, ვისაც კი შეიძლებოდა ტახტზე პრეტენზია ჰქონოდა, რუსეთში წაიყვანეს და მცირე ქონება მიანიჭეს, სანაცვლოდ კი სამუდამოდ ჩამოართვეს ტახტი და სამეფო გვარი.  საქართველო 117 წლის განმავლობაში რუსეთის სამეფოს ნაწილი გახდა.

რუსეთის იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა 1917 წელს, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. ნოე ჟორდანიას სიტყვებით მათ რევოლუცია „ფოსტით მიიღეს“. ვერც ანტირუსული განწყობილებით ცნობილმა ეროვნულ-დემოკრატებმა შეძლეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ კავკასიაში დანიშნა ხელისუფლების სამხარეო ორგანო – ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი (ოზაკომი) ოზაკომის გვერდით არსებობდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები, რომელთა თავმჯდომარედაც ნოე ჟორდანია აირჩიეს და რომელსაც ეპყრა ხელთ რეალური ძალაუფლება.

15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომლის შექმნითაც ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს სურდათ, წინ აღდგომოდნენ ამიერკავკასიაზე საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციის გავრცელებას. რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შეიქმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი.

რუსეთის კავკასიის არმია ბოლშევიკური აგიტაციის შედეგად უმართავ ძალად იქცა. საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სწორედ ამ სამხედრო ძალით მოეხდინა ამიერკავკასიის ოკუპაცია. 1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ, თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს.

1918 წლის პირველ აპრილს ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებელი სახელმწიფოს – ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, სადაც დელეგაციათა ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა.

ბათუმის მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ჰქონდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები ანგლოფილურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ. გენერალმა ოტო ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა, ხოლო თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა სურდათ, უნდა გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო. გენერალი ოტო ფონ ლოსო ქართველებს ჰპირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე საქართველოს დაცვის თაობაზე.

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

დამოუკიდებლობის აქტი შემდგომ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, პირველსავე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს. დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამი იყო:

ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო – სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.

საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

ფოტო: დამფუძნებელი კრების  სხდომა, 1919.

Facebook Comments

ახალი დადებული

<