რა იწვევს ფრჩხილის ჩაბრუნებას და როგორ უნდა მივხედოთ მას

ზაფხულში, როცა ღია ფეხსაცმელზე გადავდივართ, პედიკური განსაკუთრებით აქტუალური ხდება . კარგად მოვლილი ფეხის ფრჩხილები მხოლოდ ვიზუალურ მხარე არ გულისხმობს. აუცილებელია სწორად იყოს პედიკური გაკეთებული, რომ არ დაზიანდეს ფრჩხილი და ტრავმა არ მიადგეს კანს.

როგორც „ინფო ფოსტალიონთან” საუბრისას პედიკურის სპეციალისტი ქეთი მაისურაძე ამბობს, ე.წ. ჩაბრუნებული ფრჩხილის გამო განსაკუთრებით ხშირად ზამთრის შემდეგ მიმართავენ. 

-თუ ზამთარში თვეში ერთხელ და უფრო იშვიათად იკეთებენ პედიკურს, ზაფხულში ყოველ ორ კვირაში, ან უფრო ხშირად. სწორედ ამიტომ, ზამთარში ხშირია ჩაბრუნება. ფრჩხილის ჩაბრუნებას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ფრჩხილის არასწორი მოჭრა, მოჭერილი ფეხსაცმელი და ზოგადად, მიდრეკილება. თუ ერთხელ არასწორად მოიჭრით  დიდი შანსია, რომ ფრჩხილი ჩაბრუნდეს, ამის შემდეგ აუცილებლად პროფესიონალს უნდა მიმართოთ. თუ ძალიან შორსწასული ფორმაა და პედიკურის სპეციალისტი აუცილებლად  ჩათვლის, ქირურგთან გაგიშვებთ.

-როგორ უნდა მოიჭრას ფრჩხილი ადამიანმა, რომ არ ჩაუბრუნდეს?

-უმჯობესია სწორად. გვერდებში არაა სასურველი მოჭრა, მხოლოდ მოქლიბვა. ზამთრის პერიოდში ლაქიც არაა სასურველი, ჯობს დაისვენოს ფრჩხილმა.

-ე.წ. ჩაბრუნების დროს რეალურად რა ხდება, რა ემართება ფრჩხილს?

-ჩადის ხორცში.  ფეხებში ძალიან ბევრია ნერვული დაბოლოებები და შესაბამისად, სულ მცირე, ტკივილს და დისკომფორტს იწვევს.

-თუ უკვე ჩაბრუნდა, როგორ უნდა მოვიქცეთ?

– სასურველია ზედიზედ სამჯერ მიმართოთ სპეციალისტს, რათა ზრდა სწორი მიმართულებით წავიდეს. შემდეგ უკვე თავადაც შეგიძლიათ მოიჭრათ. თუ ჩაბრუნების გამო ასიმეტრიულად მოჭრა გახდა საჭირო, ასეთ შემთხვევებში სპეციალურ გელს ვხმარობთ და ფორმას ვაძლევთ.

-სიმართლეა, რომ ჩაბრუნებული ფრჩხილი უმეტესად ასაკიან ადამიანებს აწუხებთ?

-დიახ, ასაკში გაცილებით ხშირია ჩაბრუნება. წლებთან ერთად, ფრჩხილი იცვლის ფორმას  და ქალებშიც და მამაკაცებშიც  ხშირად იჩენს თავს ეს პრობლემა, ამიტომ აუცილებელია მიმართონ ექიმს, სადაც სწორ მიმართულებას მისცემენ ფრჩხილს და ჭრილობას სათანადო ხსნარებით დაუმუშავებენ.

-თუ პაციენტს ფრჩხილის სოკოს აქვს, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიჭრას ფრჩხილი?

-მე ასეთ შემთხვევაში პედიკურს არ ვაკეთებ. სოკოს სათანადო მკურნალობა უნდა ექიმთან. ის ძალიან გადამდებია. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო ისაა, რომ გავაფრთხილო პაციენტი, რომ მას სოკო აქვს. ზოგჯერ ფრჩხილის სტრუქტურა ჯერ შეცვლილი არ არის, მაგრამ სიცარიელეა კანსა და ფრჩხილს შორის. ეს სოკოს საწყისი ფორმაა და პაციენტმა დროზე უნდა მიიღოს ზომები.

Facebook Comments

ახალი დადებული