საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით, სირიამ აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობა.

აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშირისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ“,-განაცხადა დავით დონდუამ.

სირიის არაბთა რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის  შესახებ განაცხადა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, 26 აგვისტოს მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია განახორციელა, შემდეგ კი მათი „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

მოსკოვის მსგავსად, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ.

Facebook Comments

ახალი დადებული