ზესტაფონელმა ანა კალანდაძემ, ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი პრემია მოიპოვა

ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ანა კალანდაძე ვენეციის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია. 10 წლის ანამ  თავის კატეგორიაში უმაღლესი შეფასება – 100-დან 100 ქულა მიიღო და პირველი პრემიის მფლობელი გახდა.

პატარა პიანისტის წარმატების შესახებ  ანას პედაგოგმა, ქალბატონმა ლელა მინაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.
„იტალიაში, 15 – 20 მაისის ჩათვლით ჩატარდა ვენეციის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „San Dona’ di Piave“.  ჩემს ანას ამ კონკურსზეც ჰქონდა ბრწყინვალე წარმატებები, მან დაიმსახურა უმაღლესი შეფასება ჟიურის წევრებისაგან, ანას შესრულება შეაფასეს ასი ქულიდან ასი ქულით და მიანიჭეს I „Assoluto ex-aequo“ პრემია.

,,მადლობა უპირატესად უფალს, დიდება მის სახელს!
უღრმესი მადლობა კომპანია „ჯორჯინ მანგანეზის“ ადმინისტრაციას ფინანსური მხარდაჭერისათვის, ასევე უღრმესი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს მეგობრებს, ახლობლებს და ოჯახს გულშემატკივრობისათვის და თანადგომისათვის“, – წერს ლელა მინაშვილი.

ქალბატონი ლელა ანა კალანდაძის არა მარტო პედაგოგი, დეიდაც არის.
„ვენეციის ტიტულოვან  და პრესტიჟულ კონკურსში 21 ქვეყნის მუსიკოსები მონაწილეობდნენ, მათ შორის – იტალიის, იაპონიის, ჩინეთის, მაკედონიის, საბერძნეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, მოსკოვის, ბელორუსიის, უკრაინის, ესტონეთის… წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ გალაკონცერტზე

ანას ქართული ნაწარმოები – ოთარ თაქთაქიშვილის „პოემა“ დააკვრევინეს. ნაწარმოები ისე მოეწონათ, რომ კონცერტის შემდეგ თითქმის ყველა მუსიკოსმა ნაწარმოების ნოტები მოითხოვა და  მათ ელფოსტაზე უნდა გავუგზავნო“.
ლელა მინაშვილი ყვება, როგორ მოხვდნენ ვენეციის ფესტივალზე. მანამდე ანამ თურქეთში, ბურსას საერთაშორისო  კონკურსში გაიმარჯვა.

„ზოგადად საერთაშორისო კონკურსზე მოხვედრა ადვილი არ არის პიანისტებისთვის, თურქეთში, გალაკონცერტზე ანამ დებიუსის „არაბესკა“ დაუკრა, რომელიც საკონკურსო პროგრამაში არ გვქონდა. მასტერკლასზე გავიტანეთ მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორთან, ვლადიმერ ტროპთან და, ამავდროულად, ნიუ-იორკის კონსერვატორიის დირექტორთან, თამარა პადუბნაიასთან.
ეს ჩანაწერი დავდეთ ანას ფეისბუქზე. როგორც ჩანს, მოისმინეს  ვენეციის ფესტივალის ფონდიდან და უკვე მეორე დღესვე გამოგვიგზავნეს მოწვევა.
ასე მოვხვდით ვენეციაში, შემდეგ ოფიციალური მიწვევაც მივიღეთ“… – ამბობს ლელა მინაშვილი.

იგი  ხაზს უსვამს ქართულ კონკურსებს, რომლებზეც  ანა კალანდაძე, როგორც მუსიკოსი გაიზარდა. ასევე, ემადლიერება  ხელოვნების აკადემიისა  და მუსიკის აკადემიის რექტორს, ბატონ ვალერიან შიუკაშვილს, რომლის ძალისხმევითაც უკვე დიდი ხანია,  ტარდება სხვადასხვა კონკურსი პატარა მუსიკოსებისთვის. სწორედ მოცარტის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის შემდეგ პირველად იქ მოიპოვა ანამ  სტოკჰოლმის საერთაშორისო კონკურსის სერტიფიკატი და პირველი ადგილი აიღო სტოკჰოლმში. მას მერე ყველა საერთაშორისო კონკურსზე პირველ ადგილზეა… ანა უკვე 9 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.


ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგი ლელა მინაშვილი ემადლიერება  კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელმაც ანა ვენეციაში გასამგზავრებლად 5 ათასი ლარით დააფინანსა.

იგი კმაყოფილია, რომ ყველანაირად  მხარში უდგანან –  „ჯორჯიან მანგანეზი“, ზესტაფონის რაიონის გამგეობა  და კულტურის სამინისტრო, რომელიც სხვადასხვა დროს ორჯერ დაეხმარა პატარა მუსიკოსს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, სასიხარულო და საამაყოა, რომ რეგიონის მოსწავლეები წარმატებით გამოდიან საერთაშორისო ფესტივალებზე, კომპანია მათ ყოველთვის  გვერდში დაუდგება და დაეხმარება.
უნდა აღინიშნოს, რომ ანა კალანდაძე ზესტაფონის პირველი სკოლის მე-4 კლასის წარჩინებული მოსწავლეა, სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული. ცეკვის მასწავლებელი მას ვუნდერკინდს ეძახის.

ანა  კალანდაძე ნინო მინაშვილის და გენადი კალანადაძის მრავალშვილიანი, 6-შვილიანი ოჯახიდანაა. ანა პირველი შვილია. ოჯახი მალე მეშვიდე შვილს ელოდება.

წყარო:kvira.ge

Facebook Comments

ახალი დადებული