საგარეო პოლიტიკა

თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – განცხადება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჰამი აქსოის განცხადებებით, თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამის შესახებ აქსოისმა სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას”,– განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

29 მაისს გახდა ცნობილი, რომ ასადის რეჟიმმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა, ნატომ და ევროპის ქვეყნების მთავრობებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმეს და ხაზი გაუსვეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მათი განცხადებით, ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არაფერს ცვლის.

Facebook Comments