ზაზა სარალიძე: მე შსს-ს დაცვა არ მჭირდება

ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძემ აქციაზე შსს-ს განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაცვა არ სჭირდება.

“თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა. 6 თვეა ვეხვეწები ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე სულში მაფურთხებდნენ და სულში აფურთხებენ ჩემს შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება.  მზად ვარ, ჩემის შვილის ღირსების გულისთვის და ჩემი ქართველი მომავლის გულისთვის აქვე დავღვარო ჩემი სისხლი. ვისგან უნდა რომ დამიცვას ამ მთავრობამ, ვერ ვხდები“, – განაცხადა სარალიძემ აქციაზე.

შსს-მ სპეციალურ განცხადებაში თქვა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები.

“აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს”,  – განაცხადეს შსს-ში.

აქციაზე ზაზა სარალიძემ მთავრობის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

Facebook Comments
%d bloggers like this: