შშმ ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა იწყება

პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პარლამენტამა შოთა შალელაშვილმა სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს იმ ადგილას, სადაც მალე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი ამოქმედდება.

ქუმსიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრი აშენების შემდეგ უსასყიდლოდ გადმოეცემა სახელმწიფოს. მისი თქმით, პროექტში 15 მლნ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია იქნება ჩადებული.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც როგორც ნევროლოგიური, ისე ტრავმის შემდგომი პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ, ლოტკინის დასახლებაში, 5710 კვ. მეტრზე განთავსდება. 4 – სართულიანი შენობა აღჭურვილი იქნება ორსაწოლიანი პალატებით, ადაპტირებული აბაზანითგათბობა-ვენტილაციის სისტემით, უკაბელო ინტერნეტითა და საკაბელო ტელევიზიით; ცენტრი 40 სტაციონარულ და დღის განმავლობაში 80-მდე ამბულატორიულ პაციენტს მოემსახურება.

ცენტრი მთლიანად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით; იფუნქციონირებს კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რენტგენი, ელექტრო-ენცეფალოგრაფია, ელექტრომიოგრაფია და ექოსკოპია.

ცენტრში შესაძლებელი იქნება ისეთი პროცედურების ჩატარება, როგორებიცაა სამკურნალო ფიზკულტურა; ერგოთერაპია, ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, კუნთების ელექტროსტიმულაცია); სენსორული სტიმულაცია; ჰიდროთერაპია; მუსიკათერაპია; ფსიქოთერაპია; არტთერაპია; ახტალის სამკურნალო ტალახით მკურნალობა; ლაზეროთერაპია და სხვა.

სარეაბილიტაციო ცენტრს მოემსახურება სხვადასხვა სპეციალიზაციის პერსონალი, მათ შორის ნევროპათოლოგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედირეაბილიტოლოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი და ა.შ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის რეგულარულად მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები და კინოჩვენებები.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება, აღჭურვა და სახელმწიფოსთვის მისი უსასყიდლოდ  გადაცემა ფონდ GSH-ის დამფუძნებლის, საქართველოს  პარლამენტის  წევრის შოთა  შალელაშვილისა და მისი ოჯახის ინიციატივაა. ფონდი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

Facebook Comments

ახალი დადებული