ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკური მოთხოვნების გარეშე” იმართება

ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ დღეს, 15:00 საათზე არის დაგეგმილი და ის ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად იმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ისინი ემიჯნებიან პოლიტიკურ მესიჯებს და მკაცრად გააკონტროლებენ, რომ დაღუპულთა სახელებით სპეკულაცია არავინ გაბედოს. მათივე თქმით, აქციაზე სოლიდარობას გამოუცხადებენ ყველა იმ ოჯახს, რომელიც დღემდე სამართალს ვერ პოულობს.

აქცია მეგობრების ჯგუფმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმა და მას საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკის აქციაში ის ახალგაზრდებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც გუშინ, პარლამენტის წინ მოწყობილ აქციას გაემიჯნენ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის მიერ ორგანიზებული აქცია “ნუ მოკლავ”, პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა. აქციის ორგანიზატორებმა, ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ პოლიტიკური მოთხოვნები დააყენეს და ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებები გამართეს. დღეიდან, პარლამენტის წინ გამართულ აქციებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უხელმძღვანელებენ.

 

Facebook Comments

ახალი დადებული