სომხეთში საქართველოს მოქალაქეები მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

გიუმრიში მცხოვრები 26 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით, სომხეთის სამართალდამცველებმა საქართველეოს მოქალაქეები დააკავეს.

სომხური გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 31 მაისს მოხდა, თუმცა ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.

მედიის ინფორმაციით, მოკლული კაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და 31 მაისს გიუმრიდან სევანში სამი ადამიანი წაიყვანა.

ირკვევა, რომ მგზავრებს შორის ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი იყო, რომლებიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყმოფებოდნენ. გზაში მგზავრებსა და ტაქსის მძღოლს შორის კონფლიქტი იმის გამო მოხდა, რომ 26 წლის კაცმა ავტომობილი გაჩერა.

კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, საბოლოოდ მძღოლი თავის არეში მიღებული მძიმე ტრამვების შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი დაკავებულია, მათი მეგობარი კი მიიმალა.

როგორც ჟურნალისტებს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს, მომხდარის მიზეზი დგინდება.

ამჟამად ბრალი მხოლოდ ორ ადამიანს აქვს წაყენებული, ერთზე კი ძებნაა გამოცხადებული. საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ ბრალდებულები ქართველები არიან.

Facebook Comments

ახალი დადებული