მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე დამატებით მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს.

როგორც ცნობილია, მირზა სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად, ხოლო მერაბ მორჩაძეს მოწმეზე ზემოქმედება.

„დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმემ მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს. სასამართლოში საქმის განხილვისას ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, რომელიც მანამდე თანამშრომლობდა გამოძიებსათან, შეცვალა ჩვენება. გარდა ამისა, ბრალდებულებმა, რომლებიც გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდნენ, პირველად სასამართლოს ბოლო სხდომაზე მისცეს ჩვენება.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა, აგრეთვე მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილმა სხვა მტკიცებულებებმა, საქმეში გამოკვეთა ახალი გარემოებები, კერძოდ, პროცესის მონაწილეებზე შესაძლო ზეწოლის და სხვა პირთა მიერ დანაშაულის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტები.

სასამართლოში გამოვლენილი ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება მკვლელობის ძირითადი საქმისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

შედეგად, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია ორი პირი. კერძოდ, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: