ტრამპმა ყირიმს რუსეთის ნაწილი უწოდა

თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, მისთვის უცნობია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები, რომ ყირიმი რუსეთისაა, რადგან ნახევარკუნძულზე ყველა რუსულად ლაპარაკობს. ამის შესახებ რადიო თვისუფლება წერს.

ამერიკულმა ინტერნეტგამოცემამ BuzzFeed-მა ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ პარასკევს კანადაში, „დიდი შვიდიანის“ ლიდერთა სამიტის დროს გამართულ ვახშამზე ტრამპმა ყირიმს უწოდა რუსეთის ნაწილი, რადგან იქაური მოსახლეობა რუსულად ლაპარაკობს და კოლეგებისგან დაინტერესდა, რატომ დაუჭირეს მხარი უკრაინას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.

თეთრი სახლის პრესმდივანს, სარა სანდერსს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მართლაც მიიჩნევს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ყირიმს რუსეთის ნაწილად იმის გამო, რომ ნახევარკუნძულის მცხოვრებნი რუსულად ლაპარაკობენ. სანდერსმა უპასუხა, რომ ასეთი ნათქვამი მისთვის უცნობია, თუმცა იცის მედიით გავრცელებული ინფორმაცია.

„არ ვაპირებ კომენტარს კერძო საუბარზე, რომელშიც არ ვმონაწილეობდი და რომლის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონადლ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის ყოფილმა ლიდერმა ბარაკ ობამამ რუსეთს უკრაინისთვის ყირიმის წართმევის საშუალება მისცა. ამის შესახებ მან კვებერში “დიდი შვიდიანის” ქვეყნების სამიტის პრესკონფერენციის დროს თქვა.

უკრაინის ტერიტორიის ყირიმის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 18 მარტს მოხდა. ყირიმის ნახევარკუნძული დეფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი, რომელიც შედგება რუსეთის ფედერალური ორი ერთეულისგან: ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია და ოკუპაცია, რაც განხორციელდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა რევოლუცია. ხალხი აჯანყდა რუსეთის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და მისი პარტიის წინააღმდეგ.

Facebook Comments

ახალი დადებული