ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ, ჩართული ვარ გამოძიების პროცესში

“ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ, ჩართული ვარ გამოძიების პროცესში” – ამის შესახებ მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე. პოლიციის აკადემია დავამთავრე, კანონი არის ჩემთვის პირველი. არასდროს, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია. მე ვარ კანონმომორჩილი ადამიანი. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. აზერბაიჯანში კიკბოქსში ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება ჩემს გაქცევას, მე მისამართიც არ ვიცოდი პროკურორის, ამიხსენით-მეთქი, ვახშამზე ვიყავი, განრიგიც კი შევცვალე და 12:00 საათზე ვიქნებოდი პროკურატურაში. ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონის მომხრე ვარ. გპირდებით, არ ვიცი, როგორ გითხრათ, აქვს თუ არა მნიშვნელობა. მინდა, რომ ვიყო სუფთა, გამორიცხულია ჩემი გაქცევა. ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ, ჩართული ვარ გამოძიების პროცესში. დღე და ღამე მარნეულში ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. გეფიცებით, საკრებულოს თავმჯდომარე დავაჯარიმე, როცა დასაჯარიმებელი იყო. არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდებულად დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქე ბოდიშს იხდის, რომ ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი სავარაუდოდ, საკუთარ შარდს სახეზე ისვამს. აღნიშნულ ფაქტზე რეპორტაჟი სტუდია “მონიტორმა” მოამზადა.

Facebook Comments

ახალი დადებული