ერნან კრესპო -მესი მსოფლიო ჩემპიონატს მარტო ვერ მოიგებს

არგენტინელი ფორვარდი ერნან კრესპო, რომელმაც ფეხბურთის 3 მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, მუნდიალზე არგენტინის ნაკრების პირველ თამაშს გამოეხმაურა.

„მესი მსოფლიო ჩემპიონატს მარტო ვერ მოიგებს. ლეო ერთ, ან ორ მოწინააღმდეგეს აჯობებს, ის ფენომენალურია იმ შემთხვევაში, თუ კომფორტულ მდგომარეობაშია, როგორც ბარსელონაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, იღლება”,ამბობს კრესპო, რომელის არგენტინის ნაკრებში თამაშობდა და ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ლეოს პარტნიორებმა ნაკრებიდან მისი კრიტიკა დაიმსახურეს.

„ვინ ეხმარებოდა მესის ისლანდიასთან თამაშის დროს? დი მარია ვერ გაექცა ვერცერთ მოწინააღმდეგეს, ნახევარმცველები არ ეხმარებოდნენ. ისინი საერთოდ არ თამაშობდნენ გუნდურად, არ მოძრაობდნენ, როგორც გუნდი. ისინი იდგნენ და ელოდნენ, რას იზამდა მესი. არ შეიძლება ყველა ეპიზოდზე პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს დააკისრო“,-აცხადებს კრესპო და მთავარ მწვრთნელს, ხორხე სამპაოლის რჩევას აძლევს: საჭიროა იპოვო საშუალება, რომ მესი მოწინააღმდეგესთან ერთ-ერთზე დარჩეს. აი აქ იქნება ლეო კარგი. მაგრამ ჯერჯერობით, არგენტინელების თამაში ერთი სცენარით მიმდინარეობს.

„მესი ყველას წინააღმდეგ, მისი პარტნიორები კი დგანან და უყურებენ”, -ამბობს კრესპო და მესისა და კრიშტიანუ რონალდოს შედარებას გვერდს ვერ უვლის: „ კრიშტიანუ თავისით თამაშობს, დარბის, ფიზიკურად ბრწყინვალედ მომზადებულია, დარტყმა და გოლის გატანა სხვადასხვა დისტანციიდან შეუძლია, მესის კი, იმისათვის, რომ იყოს ნამდვილი მესი, გუნდი სჭირდება. დიახ, მესი რომ დღევანდელი პორტუგალიის გუნდში ჩასვან, კონტრშეტევებში ბრწყინვალე იქნებოდა. მაგრამ არგენტინის პრობლემა ისაა, რომ მათთან მოწინააღმდეგეებს ავტობუსი გამოჰყავთ და თავისუფალ სივრცეს არ უტოვებენ. და ამ გარემოებას რამენაირად უნდა გაართვან თავი“,-აცხადებს კრესპო. .

არგენტინის ნაკრების ყოფილი წევრი, ერნან კრესპო ფიფა-ს 100 წლისთავზე, მსოფლიოს 125 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შეიყვანეს.

Facebook Comments

ახალი დადებული