ცქიტიშვილის, დავითაშვილის, ჩერქეზიშვილის და გაგუას, 4-მა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს. ეს კანდიდატები არიან: მაია ცქიტიშვილი (რეგიონული განვითარების სამინისტრო), ლევან დავითაშვილი (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო), გიორგი ჩერქეზიშვილი (ეკონომიკის სამინისტრო) და  ნიკოლოზ გაგუა (ფინანსთა სამინისტრო).

მინისტრობის კანდიდატებმა საკუთარი ხედვები აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის, დარგობრივის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებზე წარადგინეს.

პარლამენტში ამ ეტაპზე ძალოვანი მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

პარლამენტშია პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე. 

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო ფრაქციებში მოუსმენენ.

20 ივნისს ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

უკვე ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძის კაბინეტიდან თავდაპირველად მხოლოდ ის მინისტრები მიდიან, რომლებმაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს. ესენი არიან: მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. ცვლილებების პირველ ეტაპზე მინისტრების მოვალეობას მოადგილეები შეასრულებენ.   ცვლილებების მეორე ეტაპი უფრო მასშტაბური იქნება და გუნდში ახალი სახეები გამოჩნდებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული