მედია- დაპატიმრებული სომეხი გენერალი ადამიანებს იტაცებდა და აწამებდა

19 ივნისს, ერევნის სასამართლომ სომხეთის პარლამენტის წევრის, მოხალისეთა კავშირ „ერკაპის“ ლიდერის, გენერალ მანველ გრიგორიანის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. იმავე დღეს, დეპუტატებმა გრიგორიანისთვის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირეს მხარი და გენერლის დაპატიმრებაზე გენერალური პროკურორის შუამდგომლობას დათანხმდნენ.

მანველ გრიგორიანს ბრალი წაუყენეს იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში, გადაზიდვასა და ტარებაში.

გენერლის აგარაკზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მრავალმილიონიანი ძვირფასეულობის გარდა, ნაპოვნია ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი საკვები, ტანსაცმელი და აღჭურვილობა, აგრეთვე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანაც კი.

გენერალი მანველ მანუკიანი სომხეთში ყარაბაღის ომის გმირი და საომხეთის 30 წლიანი დამოუკიდებლობის სიმბოლოდ ითვლებოდა, მის სახელს მრავალი კორუფციული სქემა, აგრეთვე ლეგალური და არალეგალური ბიზნესი უკავშირდება. მას ასევე ეჩმიაძინის კრიმინალურ მბრძანებლად მიიჩნევდნენ.

სომეხი გენერლის დაკავების შემდეგ, დღის სინათლეზე ამოდის ფაქტები, რომლებიც მის მიერ სხვადასხვა წლებში ჩადენილ დანაშაულებს ეხება. მედიის ინფორმაციით, სომხეთის უშიშროების სამსახურს უამრავმა მოქალაქემ მიმართა განცხადებით, რომელშიც ითხოვენ 90-იან წლებში გაუჩინარებული ნათესავების ძებნის დაწყებას.

როგორც მედია იუწყება, მანველ გრიგორიანი სასტიკად უსწორდებოდა თავის მოწინააღმდეგებს და არასასურველ პირებს. აწამებდა, ჯაჭვით აბამდა და შიმშილით კლავდა. სომხეთში იმასაც კი ყვებიან, რომ გენერალ-სადისტს საკუთარი ზოოპარკი ჰქონდა და ველურ ცხოველებს ნაწამები ხალხით კვებავდა.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ბლოგერმა მიქაელ მანუკიანმა შოკისმომგვრელი საარქივო ფოტოები გაავრცელა. ფოტოზე აღბეჭდილია „ერკაპის“ ერთ-ერთი მოხალისე, რომელმაც მანუკიანი დიდ თანხაში „გადააგდო!. მამაკაცს დიდხანს სცემდნენ, შემდეგ კი სარდაფში მშიერ-მწყურვალი ჰყავდათ დაპატიმრებული. ფოტოებმა სომხეთის საზოგადოებაში უმწვავესი რეაქცია გამოიწვია.

მაია მნოიანი, რომლის ძმაც 90-იან წლებში გრიგორიანმა მოიტაცა, ოჯახი კი იძულებული გახდა, აშშ-ში გაქცეულიყო, იმ კოშმარზე ყვება, რომელიც მის ახლობლებს გადახდათ.

„20 წლის დუმილის შემდეგ დღეს მოვყვები ისტორიას, რომლის გამოც ჩემს ოჯახს სომხეთიდან გაქცევა მოუხდა. 1997 წელს, დემობილიზაციის შემდეგ, ჩემი 21 წლის ძმა, რომელმაც ფინანსთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, მოიტაცეს.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ, ჩემი ძმა გენერალ გრიგორიანის აგარაკზე, სოფელ არშალუისში (არმავირის ოლქი) დაცვაში გადაიყვანეს. იმ დროისთვის ჩვენი ოჯახი ფინანსურად საკმაოდ უზრუნველყოფილი იყო, მამა ისევე, როგორც ყველა მშობელი, ხშირად აკითხავდა ჩემს ძმას, მიჰქონდა ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა. მამას ძვირადღირებული ავტომობილები გენერალს შეუმჩნეველი არ დარჩენია, და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდით, რა საფრთხე და ტანჯვა ელოდა ჩვენს ოჯახს, რომელიც ხარბი გენერლის სამიზნე გახდა.

ჩემი ძმის მოტაცების შესახებ ვინმე სმბატიანმა შეგვატყობინა, რომელმაც დარეკა და 10 ათასი დოლარი მოითხოვა იმ მიზეზით, თითქოს ჩემმა ძმამ გენერლის აგარაკზე რაღაც მოიპარა. შეგვპირდა, რომ ამ თანხის გადახდის შემდეგ ჩემს ძმას გაათავსიუფლებდნენ.

ჩვენ მოთხოვნაზე, რომ გადაეცათ საქმე სამართალდამცველებისთვის, რათა დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კანონის წინააღმდეგ ეგო პასუხი, სმბატიანმა განაცხადა, რომ „კანონი -ჩვენ ვართ და ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ დავსჯით”. მან გვირჩია, არ განგვეცხადებინა პოლიციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველდღე ჩემი ძმის სხეულის თითო ნაწილს გამოგვიგზავნიდნენ. ვციტირებ: ყურს, თითს, ცხვირს …

სხვა გზა არ გვქონდა, მოთხოვნილი თანხა, 10 ათასი დოლარი გადავიხადეთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ძმა არ გაათავისუფლეს, ზარები კი სხვადასხვა მოთხოვნებით გრძელდებოდა. თავიდან ოჯახის კუთვნილი ძვირფასეულობა წაიღეს, შემდეგ მანქანებზე გადავიდნენ, ბოლოს სახლი, სადაც ვცხოვრობდით, თუმცა ზარები არ წყდებოდა. ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომ საჭმლის ფულით ნათესავები გვეხმარებოდნენ, აღარ გაგვაჩნდა არაფერი. ადამიანები, ვინც ჩვენი დახმარება განიზრახა, სასტიკად დაისაჯნენ. მათ შორის ჩემი დეიდის ქმარი, რომელიც გენერლის სოფელში ჩავიდა და ცდილობდა, ჩემს ძმაზე ინფორმაცია მოეპოვებინა, ცოცხალი იყო თუ არა. ის შეიპყრეს და მთელი თვე აგარაკზე კატორღელივით ამუშავეს, მხოლოდ 8 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი ძმა ორმოში, ზურგს უკან შეკრული ხელებით ჰყავდათ დატყვევებული, საჭმელს საერთოდ არ აძლევდნენ და ცოცხალი მხოლოდ აგარაკზე მომუშავე ჯარისკაცების წყალობით გადარჩა, რომლებიც მას ჩუმად ნიორს და ზოგჯერ პურის ნატეხს უგდებდნენ.

ერთ-ერთი მორიგი მოთხოვნა იყო კილოგრამი ოქრო, რომელიც იმ ადამიანების წყალობით შევაგროვეთ, ვინც ჩვენ გვითანაგრძნობდა. ხალხი გვაძლევდა ნიშნობის ბეჭდებსაც კი, ოღონდ მიგვეღო ინფორმაცია, რომ ჩემი ძმა ცოცხალი იყო. 3 თვის მანძილზე საბოლოოდ გავკოტრდით, ერთადერთი, რაც დაგვრჩა, – ერ. კოჩარის ქუჩის 21 ნომერში, 66 კვ. ბინა, რომელიც უკანასკნელი გამოსასყიდი გახდა. დედა და მამა ნაცნობ ნოტარიუსთან წაიყვანეს და იარაღის მუქარით, ბინის ჩუქება მენველთან დაახლოებულ პირზე გააფორმებინეს.

მთელი ისტორიის მოყოლა შეუძლებელია, ოჯახის ახლობლები, ნათესავები და მეზობლები ყველაფერ ამის მოწმეები გახდნენ.
ჩემი ძმის გათავისუფლების შემდეგ, ბოლო ბრძანება იყო, რომ ქვეყანა უნდა დაგვეტოვებინა. ჯერ საქართველოში გავიქეცით, შემდეგ საიდუმლოდ დავბრუნდით სომხეთში, იქიდან კი აშშ-ში გადავედით საცხოვრებლად.”,-აცხადებს მაია მნოიანი.

გენერალი მანველ გრიგორიანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თვითონ უკვირს, საიდან აღმოჩნდა მის აგარაკზე ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი საკვები. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს. მათივე თმით, აღნიშნულ აგარაკს გენერალი წელიწადში მხოლოდ 2-3-ჯერ სტუმრობს და გასაღები სხვისთვის აქვს გადაცემული.ადვოკატები მედიას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისგან და პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციას

.

Facebook Comments

ახალი დადებული