ჯანდაცვა

ნინო გულუა- მინდა საზოგადოებამ შეიტყოს უდიდეს ქველმოქმედზე, ბ-ნ შოთა შალელაშვილზე

Nusagi

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა შალელაშვილის ოჯახის ინიციატივით, თბილისში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. ინფორმაცია „ინფო ფოსტალიონს“ აღნიშნული პროექტის ავტორმა, მედიცინის დოქტორმა, ნინო გულუამ დაუდასტურა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა.

ნინო გულუას თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ლოტკინის დასახლებაში,  5 710 კვ.მეტრზე განთავსდება, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და  რეაბილიტაცია  როგორც ნევროლოგიური, ისე ტრავმის შემდგომი პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ჩაუტარდებათ. სამედიცინო პერსონალი კი  ისრაელისა და ევროპის წამყვან სარეაბილიტაციო ცენტრებში გადამზადდება..

ქ-ნო ნინო, გთხოვთ გვიამბოთ თქვენი გამოცდილების შესახებ.

-ვარ ექიმი. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და 2008 წელს დავიცავი სადოქტორო დისეტაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში თემაზე: “სოციალურად საშიში ინფექციების (აივ/შიდსი, სგგდ, ტუბერკულოზი) გავრცელება აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობაში“. 1985 წლიდან დღემდე მაქვს სამენეჯერო საქმიანობის გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში. 1994-1999 წწ. წალენჯიხის ქალთა კონსულტაციის გამგედ და, ამავდროულად, საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (MSF Spain) მონიტორინგისა და შეფასების ოფიცრად; 2000-2002 წლებში დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის IMC სამედიცინო კოორდინატორის თანამდებობაზე; 2003-2011 წლებში საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრის აივ ინფექცია/შიდსის პროექტის კოორდინატორის თანამდებობაზე; 2011-2014 წლებში გლობალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრის აივ ინფექცია/შიდსის პროგრამების კოორდინატორი საქართველოში. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თანაშემწედ.

-როგორ დაიბადა სარეაბილიტციო ცენტრის შექმნის იდეა?

-2002 წელს, ჩემი შვილი გიორგი ქობალია დაავადდა პოსტვაქცინალური ენცეფალომიელიტით, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია გიორგის ფიზიკური შეზღუდვა და დღეს ის ეტლით მოსარგებლეა. საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრების არარსებობისა და მწირი გამოცდილების გამო, 16 წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებში გიორგის მკურნალობა-რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ,  მას ეს მუდმივად სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დღეს საქართველოში მცხოვრები ბევრი შშმ პირი მიემგზავრება სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ევროპაში სარეაბილიტაციოდ. არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ გადიან რეაბილიტაციის კურსს. დამეთანხმებით, რომ რეაბილიტაცია ის სფეროა, რომელიც საკმაოდ სუსტად არის განვითარებული საქართველოში.

-როგორ მოხდა ბ-ნ შოთა შალელაშვილის ჩართვა სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტის განხორციელებაში?

-შარშან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარიამ ჯაშთან მოვიდა ბატონი შოთა თხოვნით, რათა მისთვის შეეთავაზებინათ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებსაც ქვეყნის საკეთილდღეოდ განახორციელებდა. ბატონი შოთა არის GSH ფონდის დამფუძნებელი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარების ხელშეწყობას.
ყველასთვის ცნობილია, რომ მარიამ ჯაშს აქვს უდიდესი გამოცდილება ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებით. მან 7 უმნიშვნელოვანესი პროექტი შესთავაზა ბ-ნ შოთას. მათ შორის იყო კონცეფცია „ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის დაფუძნება საქართველოში“, რომელზეც მე თითქმის 16 წელზე მეტია ვმუშაობ. ამ წლების განვალობაში არაერთ ბიზნესმენს შევხვდი და გავაცანი კონცეფცია, მაგრამ ბევრი მათგანი თვლიდა, რომ ეს იყო რევოლუციური ნაბიჯი და დიდი ფუფუნება ქვეყნისთვის. თუმცა მე ასე არ მიმაჩნდა, ვინაიდან პირადად შეეხო ეს პრობლემა ჩემს ოჯახს და მუდამ გვიწევდა უცხოეთის სარეაბილიტაციო ცენტრებში თვეობით ყოფნა, რაც მართლაც ასტრონომიულ თანხებთან იყო დაკავშირებული.
მახსოვს, ჩვენი შეხვედრიდან მეორე დღეს ბატონი შოთა მოვიდა და გვითხრა, რომ ის სათავეში ჩაუდგებოდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ღვთის წყალობით, მოვლენებიც ძალიან სწრაფად განვითარდა… ეკონომიკის სამინისტროს დიდი მხარდაჭერით თბილისის ზღვის მიმდებარედ, ლოტკინის დასახლებში შეირჩა შესაბამისი ტერიტორია, რომელიც შეადგენს 5710 კვ. მეტრს. ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაიხვეწა კონცეფცია და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის გრანდიოზული პროექტის განხორციელება დაიწყო!

– თქვენ ასევე ხართ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი

-დიახ, 2011 წელს ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step” და ვეხმარები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებასთან ინტეგრაცაში. ვატარებ მათთვის სხვადასხვა ღონისძიებებს, რათა მოხდეს შშმ მოზარდთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა. ვატარებ მშობლებთან საუბრებს და სწავლებას „ოკუპაციური თერაპიის ბინაზე ჩატარების ტექნიკაზე და ძირითად პრინციპებზე“. ჩემთვის, როგორც დედისთვის, ყველაზე მტკივნეულია შშმ პირთა პრობლემა საქართველოში და მაქსიმალურად ვაკეთებ ყველაფერს, რათა მათ ჰქონდეთ ღირსეული და სრულფასოვანი ცხოვრების პირობები.

გთხოვთ დეტალურად მოგვიყვეთ სარეაბილიტაციო ცენტრზე 

-ცენტრი იქნება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სადაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ როგორც ნევროლოგიური, ისე ტრავმის შემდგომი პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს. ის მოემსახურება 40 სტაციონარულ და დღის განმავლობაში 60-მდე ამბულატორიულ პაციენტს. ცენტრი იქნება აღჭურვილი თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით; უახლესი ინოვაციური რობოტ ტექნიკით, იფუნქციონირებს კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რენტგენი, ელექტროენცეფალოგრაფია, ელექტრომიოგრაფია და ექოსკოპია. ცენტრში შესაძლებელი იქნება სრული სპექტრის სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარება.

პროექტი წარმოადგენს ფართომასშტაბიან ინტერვენციას, რომელიც მოიცავს როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკურ, ისე ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და საზოგადოებაასთან მათ ინტეგრაციას.

ყველა პაციენტთან იმუშავებს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შეაფასებს თითოეულის მდგომარეობას, დაგეგმავს მკურნალობის და რეაბილიტაციის გეგმას. ასევე, პაციენტებთან ინდივიდუალურად იმუშავებს ფსიქოლოგი, რომელიც დაეხმარება მათ ემოციების მართვასა და პრობლემების დაძლევაში;

სარეაბილიტაციო ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრებს გაეწევათ ფსიქოლოგიური დახმარება, ჩაუტარდებათ საგანმანათლებლო საუბრები, რაც ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართვას ბავშვთა რეაბილიტაციის, ინკლუზიური განათლებისა და ინტეგრაციის პროცესებში.

-თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში მწირია გამოცდილება რეაბილიტაციის კუთხით და საინტერესოა ამ კუთხით რას გეგმავთ?

-პროექტი ასევე ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო პერსონალის გადამზადდებას ისრაელისა და ევროპის წამყვან სარეაბილიტაციო ცენტრებში. ექიმები წელიწადში ორჯერ მონაწილეობას მიიღებენ გაცვლით პროგრამებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომში რეაბილიტაციის მოწინავე მეთოდების საქართველოში დანერგვის მიზნით. სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე იმუშავებს მძლავრი საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონალის გადამზადებას. ისრაელიდან და ევროპის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტები რეგულარულად ჩაატარებენ მასტერკლასებს ქართველი რეაბილიტოლოგებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ამ დარგის განვითარებას.

-რა ეტაპზეა დღეს სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის პროცესი?

-2017 წელს პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები ვიმყოფებოდით ისრაელის წამყვან სარეაბილიტაციო ცენტრებში, სადაც გავეცანი მუშაობის სპეციფიკას და შევხვდით წამყვანი სარეაბილიტაციო ცენტრების ხელმძღვანელობას და პროფესიონალთა გუნდს. ვიზიტის მიზანი იყო მათი გამოცდილების გაზიარება და საქართველოში ანალოგიური გამოცდილების დანერგვა.

პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, საქმიანი შეხვედრები იმართება ყოველთვიურად ბ-ნ შოთასთან და პროექტში ჩართულ გუნდთან, სადაც ხდება სამოქმედო გეგმის მიხედვით დეტალური განხილვა პროექტის დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე.

მინდა შშმ პირთა თემის მშობლების სახელით მადლობა გადავუხადო ბ-ნ შოთა შალელაშვილს, რომელიც შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ჩაუდგა სათავეში. მინდა საზოგადოებამ იცოდეს ბევრი მის შესახებ, უდიდეს ქველმოქმედზე, რომელიც უანგაროდ, მთელი გულით და შემართებით, ამასთანევე, ჩუმად აკეთებს კეთილ საქმეებს. სიკეთე გადამდებია! მინდა ბევრმა ადამიანმა მიჰბაძოს მას, რათა ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ნათელი, ღირსეული, სრულფასოვანი ცხოვრება.

დაბოლოს, დავესესხები ილია ჭავჭავაძეს: „ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.”

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,979 ნახვა
%d bloggers like this: