პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ გამორიცხავს, რომ ქალებისა და კაცების საპენსიო ასაკი გათანაბრდეს, თუმცა ზოიძე დასძენს, რომ ეს შორეული პერსპექტივაა. ამის შესახებ ზოიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს სესია გაიმართება.
“შეიძლება მოხდეს გარკვეულწილად ასაკის გათანაბრება, თუმცა ამაზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. ქალები ჩვენთან 5 წლით ადრე გადიან და 5 წლით მეტს ცხოვრობენ, შესაბამისად გამოდის, რომ 10 წლით მეტს სარგებლობენ, მე ამის საწინაარმდეგოს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ სასურველი იქნება, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს ასაკის გათანაბრება, ეს არ არის აუცილებელი, რომ გათანაბრდეს 65 წელზე, შეიძლება გავათანაბროთ სადღაც შუაში, 63.5-ზე, ეს მსჯელობის თემაა, არ გაიგოთ ისე თითქოს ეს გადაწყვეტილია ან ამაზე მსჯელობა მიდის, ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრია იმ ტენდენციებიდან გამომდინარე რაც არის მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ზოიძის თქმით, მთელ მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ ადამიანები უფრო მეტს იმუშავებენ, მეტს იცხოვრებენ და პენსიაზეც უფრო გვიან გავლენ.
12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ახალ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირა.