ჯაზის ცნობილი მუსიკოსის, გლენ მილერის გაუჩინარება

გლენ მილერი ამერიკული მუსიკის კორიფე იყო და ბევრი თვალსაზრისით ჯერ კიდევ რჩება ამად. 1930 და 40-იანი წლების მისი ცნობილი სიმღერებიდან ალბათ ყველას ახსოვს „მთვარის შუქის სერენადა”, “განწყობა” და “Chattanooga Choo Choo”.

მილერის მუსიკა დაეხმარა მუსიკის მოყვარულ დასავლეთს, რეიხის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუსიკის ეპოქალური ნიშნების განსაზღვრაში. ჰიტლერი კრძალავდა ჯაზს, სვინგს, ბლუზს და ნაციონალურ შეურაცხყოფად თვლიდა აფრო-ამერიკული ფესვებიდან აღმოცენებული საუკუნის პოპულარული ჟანრების გერმანიის რადიოში გადმოცემას.
შესაძლოა, სწორედ ამან უბიძგა მილერს ამერიკის არმიას, საბოლოოდ კი არმიის საჰაერო ძალებს შეერთებოდა და შეესრულებინა ჯარისკაცებისთვის მუსიკა, რომელიც ანტი-ნაცისტური პროპაგანდა იქნებოდა. მილერის საიდუმლო გაუჩინარებამდე მან ბრიტანეთში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლებს შორის და ბრძოლებამდე 800 კონცერტი გამართა ჯარისკაცების სულიერი მხნეობის ასამაღლებლად.

სანამ ამერიკის არმიაში მოხალისედ წავიდოდა, 38 წლის ასაკში, მილერმა ჰოლივუდში დიდ წარმატებას მიაღწია. 1942 წელს, მილერის ანაზღაურება კვირაში 15000-20000 დოლარს შეადგენდა. მაგრამ მან ეს ყველაფერი დათმო, იმდენად სურდა მუსიკით ჯარისკაცებისთვის სულიერი განწყობის შექმნა.

მისი მისიის მთავარ მიზანს არმიის მოდერნიზებული ბენდის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. ბევრი ტრადიციულად მოაზროვნე ოფიცერი თავს იკავებდა ამაზე, მაგრამ მილერმა და მისმა დაჟინებამ თავისი გაიტანა. საჰაერო ძალების 50-ე არმიის ბენდის რეპერტუარში, სადაც მილერი უკრავდა, სამხედრო მარშები ჯაზითა და ბლუზის ელემენტებით იყო გაზავებული.
ბენდის მუსიკა არა მხოლოდ ჯარებისთვის იყო უზარმაზარი სტიმული, ის გერმანელთა წინააღმდეგ პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. ბენდი სიმღერების ვერსიების მუსიკალურ ჩანაწერებსაც კი ქმნიდა, რომლებსაც გერმანულად ჯონი დესმონდი ასრულებდა. ზოგჯერ თავად მილერიც გამოდიოდა რადიოში და გერმანულად საუბრობდა ომზე.
გერმანიაში ბევრი ფარულად უსმენდა ყველა სახის ჯაზს და სხვა მუსიკას ამერიკიდან, რაც, რა თქმა უნდა, გართობის სახიფათო ფორმა იყო ნაცისტურ გერმანიაში.

1944 წლის 15 დეკემბერს, მილერი ინგლისიდან პარიზში გაფრინდა, რათა განთავისუფლებულ ქალაქში ჯარისკაცებითვის წარმოდგენა გაემართა. მაგრამ იგი აღარ დაბრუნებულა. ის და მისი თვითმფრინავი, რამდენიმე სხვა მგზავრთან, ვიცე-პოლკოვნიკ ნორმან ბეზელთან და პილოტ ჯონ მორგანთან ერთად გაუჩინარდნენ და მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს.
უამრავი ისტორიები არსებობს იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწიათ მილერს და მის თანამგზავრებს, მაგრამ მისი ძმისშვილის, ჯონ მილერის თანახმად, სანუგეშო არც ერთი არ იყო, რაც მილერის მგლოვიარე და უიმედოდ დაბნეულ ოჯახს დაამშვიდებდა.
მილერი, რომელსაც ფრენის ეშინოდა, შეერთებული შტატების საჰაერო ძალების UC-65 Norseman-ში ჩაჯდა. იმ დღეს ცუდი ამინდი იყო. თვითმფრინავი სადღაც ლა-მანშის სრუტის ზემოთ გაუჩინარდა.
ერთ-ერთი შესაძლო პასუხი ამ საიდუმლოზე არის ჩვენება, რომელიც გამოძიებას შესთავაზა (თუმცა წლების შემდეგ, 1980 წელს) ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების შტურმანმა, ფრედ შოუმ, რომელსაც იმ დღეს გერმანულ არმიაზე საჰაერო იერიში უნდა მიეტანა. მაგრამ ჯარისკაცები, რომელთაც დაბომბვა უნდა განეხორციელებინათ, ცუდი ამინდის გამო ბრუნდებოდნენ და ბომბდამშენები სრუტის თავზე უნდა დაეცალათ, სანამ სამშობლოში, ინგლისში დაბრუნდებოდნენ.
შოუ ამტკიცებდა, რომ მან დაინახა, როგორ აფეთქდა თვითმფრინავი ცაში ერთ-ერთი აფეთქების შედეგად და წყალში ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია მტკიცებულებითაა გამყარებული, თვითმფრინავ Norseman-ის ფრენის გეგმას მიზანმიმართულად უნდა აეცილებინა თავიდან იმ ტერიტორიაზე ფრენა, სადაც ბომბები უნდა დაცლილიყო.
მეორე ვერსია ამტკიცებს, რომ მილერი საიდუმლო მისიის შესრულების დროს დაიღუპა, რომლის დროსაც ის დისიდენტ გერმანელ ოფიცრებს უნდა შეხვედროდა, რომლებიც მას უნდა დახმარებოდნენ მისი მუსიკის ფარულად გავრცელებაში გერმანიაში, ჰიტლერის დასამხობად აჯანყების მომზადების ხელშესაწყობად.
უფრო მარტივი ახსნა რიგი დადასტურებული ინფორმაციიდან გამომდინარეობს, რომელთა თანახმადაც თვითმფრინავ Norseman-ს ძრავამ უმტყუნა, ვინაიდან კარბურატორი გაიყინა ცივ ამინდში.
როგორიც არ უნდა იყოს მილერის ნამდვილი ბედი, მის მუსიკას ღრმა გავლენა ჰქონდა ამერიკულ და ევროპულ კულტურაზე და მოკავშირეთა ჯარებს საშინელ ომში სულიერად დაეხმარა. მოუსმინეთ არმიის საჰაერო ძალების ბენდის რეპერტუარს, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ დაქანცული ომებისგან სახლში, ნორმანდიაში ბრუნდებით.
.
WAR HISTORY ONLINE
კოლინ ფრაზერი
.
გლენ მილერი და მისი ორკესტრი ადრეულ 1940-იანებში.
Facebook Comments

ახალი დადებული