ახალციხის ბაზარში სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის

ახალციხის აგრარულ ბაზარში მოქმედი სასაკლაო დაკლული საქონლის სისხლს მდინარე ფოცხოვში უშვებს. ეს ამ სასაკლაოს გამო გარემოს დაბინძურების პირველი შემთხვევა არაა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სასაკლაო მდინარე ფოცხოვის ნაპირზეა. შენობიდან კი სპეციალური მილია გაყვანილი, რომლითაც წყალში საქონლის სისხლი მიედინება.

სასაკლაო ორი წელია ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, როცა აქ პირუტყვი იკლვება, სისხლი ყოველთვის მდინარეში მიედინება.

ბაზრის მენეჯერის ვახტანგ ქართველიშვილის თქმით, შპს „ირქა“ ბაზრის დაქვემდებარებაშია და აქ დაკლული საქონლის ხორცი ბაზარში იყიდება.

მომხდარის შესწავლა დაიწყო გარემოსდაცივითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

სასაკლაო უწყებას დაჯარიმებული უკვე სამჯერ ჰყავს: პირველად შპს „ირქა“ ნარჩენების მართვის კოდექსის 33–ე მუხლის პირველი ნაწილით გასული წლის ოქტომბერში, 500 ლარით, დააჯარიმეს. ეს მუხლი ფეკალური მასებით, ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურებას გულისხმობს. ამავე პერიოდში სასაკლაო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58–ე მუხლის პირველი ნაწილით 600 ლარამდე, დაჯარიმდა, რაც წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევას გულისხმობს.

კომპანია მიმდინარე წლის აპრილიში ნარჩენების მართვის კოდექსის 33–ე მუხლის პირველი ნაწილით დააჯარიმეს, ამჯერად „ირქას“ 1 000 ლარის გადახდა მოუწია.

წყარო: imedinews

Facebook Comments

ახალი დადებული