ისტორია

1961 წლის 11 აგვისტო – ჯარისკაცის ნახტომი, რომელიც ისტორიაში შევიდა

1961 წლის 13 აგვისტოს, შუაღამისას აღმოსავლეთ გერმანიამ დასავლეთ ბერლინთან საზღვრები ჩაკეტა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანია ოთხ საოკუპაციო ზონად დაიყო, თითოეული ზონა მოკავშირე ქვეყნების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და საბჭოთა კავშირის მიერ იმართებოდა. საბჭოთა ზონამ მთლიანად ჩაკეტა დედაქალაქი ბერლინი, რომელიც შემდგომ ოთხ გავლენის სფეროდ გადანაწილდა.
ქალაქის ნაწილი, რომელსაც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ აკონტროლებდნენ – დასავლეთ ბერლინი კაპიტალისტური მიკროსფერო გახდა აღმოსავლეთ გერმანიის ახალი საბჭოთა სახელმწიფოს შუაგულში. აღმოსავლეთ გერმანელების ნაკადი, რომელიც ახალ რეჟიმს გაურბოდა, დასავლეთ ბერლინში გადადიოდა.
1961 წლის აგვისტოსთვის ყოველდღიურად 2000 გერმანელი ტოვებდა აღმოსავლეთ ბერლინს. ეკონომიკური ძალის და განათლებული პროფესიონალების შესაჩერებლად აღმოსავლეთ გერმანიამ სწრაფად ჩაკეტა საზღვარი მავთულხლართების ბარიერებით, რომელიც მოგვიანებით ბერლინის კედლად აღიმართა.
ბარიერების აღმართვიდან ორი დღის შემდეგ, 18 წლის აღმოსავლეთ გერმანიის პოლიციის თანამშრომელს, კონრად შუმანს დაევალა ბერნაუერის და რუპინერის ქუჩების კუთხის მონაკვეთის დაცვა. იქ ის ნერვიულად სცემდა ბოლთას წინ და უკან, ეწეოდა სიგარეტს და დრო და დრო მავთულხლართებს ტკეპნიდა.
მისმა ქცევამ საზღვართან მყოფი პრესის ფოტოგრაფების ყურადღება მიიპყრო, მათ შორის 19 წლის პიტერ ლეიბინგის, რომელიც საათზე მეტხანს აკვრიდებოდა შუმანს. იმ დროს, როდესაც სხვა მესაზღვრეები საზღვართან შეკრებილი ხალხით იყვნენ დაკავებული, შუმანმა თავისი დატენილი იარაღი დაუტენავზე, უფრო მსუბუქზე გაცვალა.
შუადღის 4 საათზე, შუმანმა  სიგარეტი გადააგდო. დასავლეთ ბერლინელების ძახილზე “გადმოდი” მან გასარბენად სტარტი აიღო და ოსტატურად გადაახტა ბარიერს. მისი იარაღი გრუხუნით დაეცა მიწაზე, ხოლო თავად კი დასავლეთ გერმანიის პოლიციის მანქანაში ჩახტა, რომელიც იქვე იდგა.
„ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. ძალიან მეშინოდა. მოვემზადე, ავხტი და მანქანაში აღმოვჩნდი… სამ-ოთხ წამში ყველაფერი მორჩა.“-ამბობდა  კონრად შუმანი.
ოპერატორმა 16 მმ-იან ფირზე გადაიღო  მისი ნახტომი. ლეიბინგმა შუმანის მხოლოდ  ერთი ფოტოს გადაღება მოახერხა.  ის ეკლიან მავთულებს ახტება გაშლილი ფეხებით და დახრილი თავით.
ლეიბინგის ფოტომ შუმანი მაშინვე ცნობილ ადამიანად აქცია. ფოტომ ის უკვდავყო, როგორც პირველი აღმოსავლეთ გერმანელი ჯარისკაცი, რომელიც კედელზე გადახტა. მომდევნო ათწლეულებში 2000-ზე მეტმა ჯარისკაცმა მიბაძა მის მაგალითს .
მიუხედავად იმისა, რომ მისი გაბედულების ამსახველმა მომენტმა  თავისუფლება მოუტანა, შუმანი მარტოხელა და იზოლირებულ ადამიანად იქცა. მას ოჯახთან ურთიერთობა მხოლოდ წერილების მეშვეობით შეეძლო, რომლებიც აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციის მიერ კონტროლდებოდა, რომელსაც შუმანის უკან დაბრუნება სურდა  დასასჯელად. იგი ბავარიაში დასახლდა, დაოჯახდა და 27 წლის განმავლობაში Audi-ს ასაწყობ კონვეიერულ ხაზზე მუშაობდა.
როდესაც ბერლინის კედელი საბოლოოდ დაინგრა, შუმანმა შეძლო თავის ოჯახთან და მეგობრებთან გაერთიანება, მაგრამ დეზერტირობის გამო  ბევრისგან გარიყული იყო.
1998 წელს, წერილის დატოვების გარეშე, იგი სახლთან ახლოს მდებარე ტყეში შევიდა და თავი ჩამოიხრჩო. ცნობილი ფოტოდან მას არასოდეს ერთი ცენტითაც არ უსარგებლია. მიუხედავად სამწუხარო დასასრულისა, შუმანის ნახტომის ფოტო ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და აღიარებულ გამოსახულებად და სიმბოლოდ  რჩება.

1981 წელი. ნახტომიდან ოცი წლის შემდეგ შუმანი პიტერ ლეიბინგის ფოტოსთან დგას.
2009 წელი. პიტერ ლეიბინგის ფოტოს საფუძველზე შექმნილი შუმანის ქანდაკება, რომელიც ბერლინში გერმანიის გაერთიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაიდგა.
Facebook Comments