სოციალური ქსელები და მედია

მანანა ლომიძე-პაციენტს შესაძლოა მკურნალობის ჩატარებამდეც ჰქონდეს პირველადი კიბოს განვითარება დაწყებული

Nusagi

არაერთ ვებგვერდსა და სოციალურ სივრცეში ვრცელდება ინტერვიუ თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის ქართველ მრჩეველთან, მალინა ბერეკაშვილთან, რომელიც საუბრობს, რომ ქართველი ერი დგას კატასტროფის წინაშე, რადგან ძალიან დიდი სისწრაფით მატულობს სიმსივნური დაავადებების შემთხვევები. იგი ასახელებს ამ მატების არაერთ მიზეზს და მათ შორის ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამას, რომლის დახმარებითაც ათასობით ადამიანი განიკურნა C ვირუსისაგან.

მანანა ბერეკაშვილი ამბობს:

„კიდევ ერთ პრობლემაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს არის C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვინც ამ პროგრამით მკურნალობს, წელიწადნახევრის, ორი წლის თავზე ჩვენთან სიმსივნის დიაგნოზით ჩამოდიან. ორგანოების გადანერგვით ვინც გადარჩა, გადარჩა, სხვები გარდაიცვალნენ, ზოგს ოპერაციამ ვერ უშველა… მანამდე ამ ადამიანებს არ ჰქონიათ სიმსივნე და ამ მკურნალობის შემდეგ განუვითარდათ. ყოველ შემთხვევაში, ანალიზები ასე აჩვენებს და კვლევა იყო არასწორი? არ ვიცი, პროგრამის წამლები იწვევს პროვოცირებას?!. ამ პროგრამის წამლებს თურქეთშიც სვამენ და სიმსივნის დიაგნოზით შემდგომ არავინ მოდის ჩვენთან.”

Mkurnali.ge დაუკავშირდა ექიმ-ინფექციონისტს მანანა ლომიძეს, რომელიც 1996 წლიდან ატარებს ანტივირუსულ მკურნალობას და კომენტარი ვთხოვეთ ამ საკითხთან დაკავშირებით:

– ეს არასწორი ინფორმაციაა, ძალიან ბევრ ქვეყანას უნდოდა ამ უფასო პროგრამის განხორციელება, მაგრამ ყველასთვის არ გახდა იგი ხელმისაწვდომი. სწორედ ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება.

ზოგადად, C ვირუსი კანცეროგენული თვისებების მატარებელია და მას შეუძლია გამოიწვიოს ჰეპატიტი, რომელიც შეიძლება გართულდეს ციროზით ან ჰეპატოცელულარური კარცინომით – ციროზი-კიბოთი.

მაგრამ კიბო გაცილებით უფრო ხშირად ვითარდება არანამკურნალებ პაციენტებში, რომელთა ორგანიზმშიც C ვირუსია, ვიდრე ნამკურნალებში, სადაც ვირუსი არ არის. ეს მკურნალობა ათასობით ადამიანმა ჩაიტარა და ვირუსის ელიმინაციის ანუ ორგანიზმიდან განდევნის პროცენტი 98%-ია, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა მკურნალობის ჩატარებამდეც ჰქონდეს პირველადი კიბოს განვითარება დაწყებული. ეს მომენტი რომ არ გამომპარვოდა, მე უმრავლესობას იმ პაციენტებისა, რომელთაც ციროზი დაუდგინდებოდა, ვუტარებდი ანალიზს ჰეპატოკარცინომის მარკერზე – ალფა-ფეტოპროტეინზე.

და იქ, სადაც იყო მოსალოდნელი კიბოს განვითარება, ანტივირუსული მკურნალობის ფონზე უფრო ნაკლებ შემთხვევაში განვითარდა.

სწორედ ამიტომ არის სასურველი, რომ ასეთი მკურნალობა მხოლოდ სპეციალისტის მიერ ჩატარდეს და მის მიერ იყოს მართული.

მე პირადად 1000-ზე მეტი პაციენტი მყავს ნამკურნალები და მათგან მხოლოდ 5 გარდაიცვალა იმის გამო, რომ დაავადება პროგრესირდა და კანცეროგენული გართულება განვითარდა. ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნებოდა, ამ ადამიანებს მკურნალობა რომ არ ჩატარებოდათ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენთან ჩატარებული მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ პაციენტების სასიკეთოდ იყო და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში შემოსული პრეპარატი გახლდათ ყველაზე სუფთა – ამერიკული წარმოებისა. სხვა ქვეყნებში, მაგალითად რუსეთში – ინდური პრეპარატი შეაქვთ.

მე ვერ გეტყვით რა ინტერესები ამოძრავებთ თურქულ კლინიკებს, მაგრამ გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ C ჰეპატიტის პროგრამა იყო დიდი სიკეთე ჩვენი ხალხისათვის.

წყარო: მკურნალი.გე

 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,210 ნახვა
%d bloggers like this: