თბილისში დაჭრილი 17 წლის ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაშია. მოზარდს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
რეანიმაციის ექიმის, გალაკტიონ ტვილდიანის განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა ერთი შემავალი ჭრილობა მუცლის ღრუს არეში. დაზიანებული იყო კუჭი, პანკრეასის თავი და ქვემო ღრუ ვენა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, 17 წლის მოზარდი #140 ავტობუსში დაჭრეს. როგორც ავტობუსის მძღოლი ამბობს, დაჭრილიც და დამნაშავეც მგზავრი იყო.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ამ დრომდე ავტობუსში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ავტობუსი მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი არ არის”, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.