შსს-მ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 13-16 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში და გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბრალდებულების მიმართ დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე.

დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 18 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, 2 პისტოლეტი და სანადირო თოფი ამოიღეს.

ასევე, ჩხრეკისას იპოვეს 2 ცალი ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შემცველი სითხით, მინის ფლაკონი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” ნალექით, ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი პრეპარატი “სუბოტექსი”.

ამოიღეს 10 010 ლარი, 26 200 აშშ დოლარი და 65.000 რუსული რუბლი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის – მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

Facebook Comments

ახალი დადებული