ინა ასანიძე ჭიათურაში მომხდარ დაპირისპირებაზე საგანგებო ბრიფინგის გამართვას აპირებს

ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ინა ასანიძე 13 ივლისს, ჭიათურაში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიასთან საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებს.
როგორც ინა ასანიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, ბრიფინგზე მერიის ხელმძღვანელობის მიმართ შეთითხნილ ბრალდებაზე ისაუბრებს.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მსურს გავემიჯნო იმ მოვლენებს, რაც დატრიალდა ბოლო დღეების განმავლობაში. პირველ რიგში მე ვარ დედა, ადამიანი, რომელიც ამდენი წელი ვდგავარ ოცნების რიგებში. არ ვიშურებდი ენერგიას და ძალას პირნათელი ვყოფილიყავი ამომრჩევლის წინაშე. გავაკეთებ განცხადებას მედიასთან. რაც შეეხება შეთითხნილ ბრალდებას, აუცილებლად გამოჩნდება რა და როგორ”, – ნათქვამია ასანიძეს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში.
„ქუთაისიპოსტის“ ინფორმაციით, საუბარია რესტორან „შუა გზაში” მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის შემდეგაც პოლიციაში შევიდა განცხადება ჭიათურის მერის, პაატა ნადირაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ინა ასანიძის მხრიდან მოქალაქეების ცემის თაობაზე. შსს -მ ამ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
გამოცემა წერს, რომ ნადირაძე და ასანიძე მომხდარ ფაქტს დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ. მათი მომხრეები კი აცხადებენ, რომ საქმეში პარლამენტარის, ჭიათურის ყოფილი გამგებლის, სულხან მახათაძის ბიზნეს-ინტერესები ფიგურირებს. „ქუთაისიპოსტისთვის” ჭიათურის რესტორან “შუა გზაში” გადაღებული ვიდეოკადრები გუშინ 16 ივლისს გახდა ცნობილი, რომელსაც ძალადობაში ბრალდებულის მხარე, მუნიციპალიტეტის პირველი პირები ამ დრომდე “მთავარ კოზირად” ინახავენ.“,-წერს გამოცემა, არ არის გამორიცხული, ასანიძე ბრიფინგზე სწორედ ამ ვიდეოკადრების გასაჯაროებას აპირებდეს.
Facebook Comments

ახალი დადებული