გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვეს

სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის დამცველების შუამდგომლობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ შეცვალა. დაცვის მხარე საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო ხდება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

Facebook Comments

ახალი დადებული