თამბაქოს მოწევა გარკვეულ ადგილებში, შესაძლოა, დასაშვები გახდეს

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში პირველი ცვლილებების შეტანა იგეგმება. რომლის გათვალისწინებით, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დასაშვები გახდეს. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„საუბარია, უკვე აკრძალულ ტერიტორიებზე, გარკვეულ ადგილებზე მოწევა დავუშვათ, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ძალიან დიდ კონფლიქტებთან არის დაკავშირებული და აღსრულებაც მძიმე პრობლემაა. მაგალითად, პაციენტი რეანიმაციაში რომ მიჰყავთ, ოჯახის წევრები აკრძალულ ტერიტორიაზე ეწევიან და საავადმყოფოს დაცვასა და ოჯახის წევრებს შორის ბევრი კონფლიქტი დაფიქსირდა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

„დეპუტატ ნუკრი ქანთარიას წინადადება იყო, რომ სპექტაკლების დროს, თუ რეჟისორი სპეციალურ საბჭოსთან მოწევის აუცილებლობას დაასაბუთებს, მოწევა დაშვებული იყოს. ამაზე ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ მოვიფიქრებთ“, –  აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

დეპუტატის თქმით, სავარაუდოდ, შეიძლება ცვლილება შეეხოს სამორინეებსა და სიგარაბარებში თამბაქოს მოწევაზე დაშვებულ გამონაკლისებს.

„სამორინე და სიგარაბარებისთვის გამონაკლისი მოქმედებს. მიმაჩნია, რომ ეს კანონის სისუსტეა. გამონაკლისის დაშვებისას ითქვა, რომ ეს აჭარაში სტუმრების 70 პროცენტს ეხებოდა, სადაც სამორინეები და სასტუმროები შემოსავლის დიდი წყაროა. ახალი არგუმენტი ვერ მოვისმინე, რატომ არ უნდა დავუშვათ გამონაკლისი. დღეს გამონაკლისი უვადოა და წინადადებას განვიხილავთ, რომ გარკვეული ზღვარი დავაწესოთ, მოემზადოს ბიზნესი და მათ ვადა დავუწესოთ. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული