შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ აჭარაში ბრიფინგი გამართა. როგორც მან განმარტა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულია 10 პირი.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ მინდია ლავასოღლის, კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,

ქურდული სამყაროს წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1956 წელს დაბადებული ივანე გიგიაძე; 1978 წელს დაბადებული იმედა აბაშიძე; 1979 წელს დაბადებული ჯამბულ ნაკაშიძე; 1983 წელს დაბადებული ბეჟან დეკანაძე; 1983 წელს დაბადებული მარად წითელაძე, 1980 წელს დაბადებული შოთა კეკელიძე და 1989 წელს დაბადებული ზაალ ახვლედიანი.

დაკავებულები დაშინებით, მუქარით, იძულებით, ე.წ. “ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენის წაქეზებით და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

1973 წელს დაბადებულ რამაზ კომახიძეს, 1993 წელს დაბადებულ ბადრი ქობულაძეს და 1992 წელს დაბადებულ გიორგი შავლიძეს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვასა და ძალადობაში.

ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ლავასოღლი, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საზღვარგარეთიდან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მის მიერ მართული ქურდული სამყაროს წევრის ივანე გიგიაძის მეშვეობით, 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ამ უკანასკნელის მიერ ქურდულ სამყაროში თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო ე.წ. „ქურდული გარჩევა“.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, გამოძალვისა და ძალადობის კვალიფიკაციით (სსკ-ის 2231, 2232, 181-ე, 126-ე მუხლებით) მიმდინარეობს.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი – საქართველოს 119 მოქალაქე და 9 „კანონიერი ქურდი“.

Facebook Comments

ახალი დადებული