გრიგოლ ვაშაძე-მე თქვენ სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გგონივართ?

10 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, ახალი საქართველოს“ ერთიანი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული გრიგოლ ვაშაძე მისი რუსეთის მოქალაქეობის თემაზე აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ სოციალური ქსელების „ტროლების“ და „ბოტების“ გარდა ეს თემა საინტერესო და სერიოზული არავისთვის არის, მით უფრო იმ ფონზე, რომ მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსულ პასპორტზე უარი თქვა იმის გამო, რომ „ეზიზღებოდა ის კურსი, რომელსაც კრემლი ატარებდა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

თუმცა ვაშაძის თქმით, მისთვის რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ კრემლის შესაბამის უწყებაში საკითხის გადაწყვეტის პროცესი 11 თვე გაგრძელდა, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილს „1 კვირაში თუ 3 დღეში“ დაუკმაყოფილეს ანალოგიური თხოვნა.

ამ საკითხზე, გაერთიანების – „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ქუთაისიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

„2009 წლის დასაწყისში მე ეს დოკუმენტები გავაგზავნე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მივადე ზედ ჩემი საზღვარგარეთული პასპორტი – შიდა პასპორტი უკვე აღარ მქონდა – დავწერე, რომ უარს ვამბობ რუსეთის მოქალაქეობაზე იმიტომ, რომ კატეგორიულად მეზიზღება ის კურსი, რომელსაც კრემლი ატარებს ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რუსეთის ფედერაციას დასჭირდა ზუსტად 11 თვე იმისათვის, რომ ჩემთვის პასუხი გაეცა.

ვინც ამ შეკითხვით მოგმართავთ თქვენ გადაცემაში, მარტივი შეკითხვა დაუსვით მას. ჯერ ერთი, რატომ ჰქონდა მათ მამამთავარს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსული მოქალაქეობა, რატომ თქვა მან უარი ამ რუსულ მოქალაქეობაზე 2012 თუ 2011 წელს, არა აქვს მნიშვნელობა, და ერთ კვირაში თუ სამ დღეში რატომ გადაუწყვიტეს ეს საკითხი ასე სწრაფად. 

ამის გარდა რომ ვერაფერი ვერ იპოვეს უკვე 6 წელიწადია, ძალიან სასაცილო არის და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. ადამიანი შეიძლება შეაშინო ის, რომელსაც შენი შეშინების გარეშე ეშინია და მე არავის არ მეშინია. რუსების ტანკები რომ იდგნენ იგოეთში, 20 კილომეტრში, საგარეო საქმეთა სამინისტროში შუქი არ ჩამქრალა და ერთადერთი უწყება ვიყავით, რომელიც 24 საათი, 7 აგვისტოდან 16 აგვისტომდე, არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამინისტროდან.

ამიტომ, რუსეთის აგენტი რომ ვიყო, ბატონებო და ქალბატონებო -მე თქვენ სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გგონივართ? ისე დაგინგრევდით საგარეო პოლიტიკას, რომ დღემდე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი კი არა, ამ რეგიონების ხსენება აგეკრძალებოდათ“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული