დედამიწაზე უსწრაფესი ადამიანის, უსეინ ბოლტის ყველაზე მხიარული ფოტოს ისტორია

 დედამიწაზე უსწრაფესი ადამიანის ფოტოს გადაღება შემთხვევით მოხდა. კამერონ სპენსერი, ამერიკული ფოტოსააგენტო Getty Images-ის ფოტოგრაფი 2016 წლის 14 აგვისტოს ზაფხულის ოლიმპიადაზე რიოს სტადიონზე იმყოფებოდა და 100 მეტრზე სპრინტში ნახევარფინალის ასპარეზობას იღებდა.
იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი სხვა სპრინტერებს შორის იყო. ბოლტს 100 მეტრიანი სპრინტი მანამდე ორჯერ ჰქონდა მოგებული, პეკინში, 2008 წელს და ლონდონში 2012 წელს.
სპენსერმა, რომელმაც ორივე ასპარეზობა გადაიღო, გადაწყვიტა აქაც ეცადა ბედი.
იგი Canon 1D X Mark II აპარატის გამოყენებით ცდილობდა დაეჭირა სპორტსმენების მოძრაობა. რამდენიმე წუთში, სპენსერის თქმით, “მოულოდნელი რამ მოხდა.”
“ბოლტი იცინის, ხოლო მისი მეტოქეები, როგორ ჩანს, მეტისმეტად კონცენტრირებულნი არიან იმაზე, რომ მას გაუსწრონ. თავად ბოლტი კი, ვფიქრობ უკან უყურებდა სხვა სპორტსმენებს და ამ დროს ფართოდ გაიღიმა. მე კი შევძელი რამდენიმე კადრით დამეფიქსირებინა რამდენიმე მისი მოძრაობა”,- იხსენებს სპენსერი.
” იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი, რომ  ეს ფართო ღიმილი დავაფიქსირე. უბრალოდ ვფიქრობდი, ის ფოკუსშია და იცინის. ერთი იმას ვხვდებოდი, რომ ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. რომ მას საოცრად სრულყოფილი ტექნიკა აქვს, რომ ის უსწრებდა მსოფლიოში შვიდ უსწრაფეს მორბენალს და ეს ფაქტი მოსწონდა“.
ეს იყო ის, რასაც სპენსერი იმ მომენტში ხედავდა.
ფოტოები რედაქტორებმა შეარჩიეს და ფოტო, რომლითაც ბოლტი ისტორიაში შევიდა 100 მეტრიან სპრინტში გამარჯვებით, მთელს ინტერნეტში საოცარი სისწრაფით გავრცელდა.
სპენსერის მეუღლემ, რომელიც ასევე Getty–ისთვის მუშაობს, ტექსტური შეტყობინება მისწერა  ფოტოს წარმატების შესახებ. ამის შემდეგ სპენსერის ტელეფონი არ გაჩერებულა.
სპენსერმა განაცხადა, რომ ბოლტის გადაღება იმაზე უფრო რთული არ არის, ვიდრე სხვა სპორტსმენების, მაგრამ სირთულეს იმავე თემატიკაზე სხვა ფოტოგრაფებისგან განსხვავებული სახის შექმნა წარმოადგენს. როგორც სპენსერი აღნიშნავს, ის, რაც ბოლტს საინტერესოს ხდის ფოტოგრაფისთვის, ეს არის “მოულოდნელის მოლოდინი”.
სპენსერი მოხარულია, რომ ფოტოს ასეთი რეზონანსი მოყვა მასებში.
“ადამიანებმა, რომლებიც ფოტოგრაფიაში ერკვევიან, იციან, თუ რა რთულია ასეთი მომენტის დაჭერა, ხოლო ის ადამიანები, ვინც ბოლტს იცნობენ, ამბობენ, რომ ეს ფოტო მისი ხასიათის საუკეთესო გამოხატულებაა”.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპენსერის გადაღებული ფოტოები ასე ფართოდ გავრცელდა. ივლისში ის რაგბის მატჩზე იყო, როდესაც  მინდვრის ხაზზე მორბენალი შავი კატა ჰაერში გადაიღო. ამჯერად საქმე სხვაგვარადაა.
” ეს იყო ბოლოს და ბოლოს ის სურათი, რომლითაც მე აღფრთოვანებული ვარ და ჩემი ჯილდოც სწორედ ამ ფოტოს ასეთი პოპულარობაა“,- განაცხადა სპენსერმა.

Facebook Comments

ახალი დადებული