თურქეთში თარხან ბათირაშვილის ცოლი დააკავეს- ვინ არის სედა დუდურკაევა

თურქეთში ჩატარებული სპრეცოპერაციის შედეგად, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულებს  შორის არის კადიროვის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნის ქალიშვილი სედა დუდურკაევა, რომელიც ISIS-ის საველე მეთაურის, პანკისელი თარხან ბათირაშვილის მეუღლეა.

თარხან ბათირაშვილის მამა თემურ ბათირაშვილი  ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანია, დედა კი მუსლიმი. თარხანი ისევე, როგორც ხეობის ბევრი სხვა ახალგაზრდა, სიდუხჭირეში გაიზარდა… ის  ქართულ არმიაში მსახურობდა. მონაწილეობა აქვს მიღებული  აგვისტოს ომშიც…

თუმცა ერთ დღეს, ჯანმრთელობის  გაუარესების გამო (როგორც ამბობენ, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა) ჯარიდან დაითხოვეს. მეტიც, 2010 წელს ის დააკავეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ციხეში ორი წელი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კარგა ხანს უმუშევრად იყო, შემდეგ კი ე.წ. “კავკასიის ემირატის” მებრძოლებს შეუერთდა და აღმოჩნდა სირიაში, ამბოხებულების მხარეს,  უკვე აბუ ომარ ალ შიშანის სახელით.

თარხან ბათირაშვილი ISIS-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეთაური იყო, მას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მთავრობაში ომის მინისტრის პოსტი ეკავა.  სედა დუდურკაევა ცოლად მას შემდეგ შეირთო, რაც სედას ყოფილი ქმარი, პანკისელი ჰამზატ ბორჩაშვილი შაჰიდი გახდა და დაიღუპა.

ჰამზატ ბორჩაშვილი ავსტრიაში, მამასთან იზრდებოდა. როცა უკან, სამშობლოში დაბრუნდა, მას ვენის უნივერსიტეტის დიპლომი ჰქონდა. 5 ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს ყველაფერი თან, სირიაში წაიღო და თავის ძმასთან , ჰალიტთან ერთად აბუ ომარ შაშანთან (თარხანთან)  გაემგზავრა. მასთან ერთად იბრძოდა და  თარჯიმნობასაც უწევდა,-ამის შესახებ  ჰამზატის დედამ, სედას ყოფილმა დედამთილმა, ლეილა არჩიშვილმა ამერიკულ გამოცემა  The Daily Beast  -თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე მონაყოლით ირკვევა, რომ ჰამზატმა და სედამ ერთმანეტი ინტერნეტის მეშვეობით გაიცნეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ჰამზატი დაიჭრა, სედა მშობლებს გაეპარა და მასთან სირიაში ჩავიდა. სედას მამა კადიროვმა სამსახურიდან იმ მიზეზით გაათავისუფლა, რომ თავის ვაჰაბიტ ქალიშვილს ვერ „აკონტროლებდა”. სედა დუდურკაევას ახლა აიშა ჰქვია.

ლეილამ შვილს და რძალს  ერთხელ, სირიაში ჩააკითხა. ის თურქეთამდე ავტობუსით ჩავიდა, იქ კი ჰამზატის გამოგზავნილი ხალხი დახვდა და სირიაში უპრობლემოდ ჩაიყვანეს. იქ ნახა თავისი ულამაზესი რძალი .

„ის ანგელოზს ჰგავდა” -იხსენებს ჰამზატის დედა, რომელმაც ვერაფრით გადაარწმუნა შვილი და რძალი, რომ უკან, სახლში დაბრუნებულიყვნენ. პანკისში დაბრუნებიდან 4 დღეში კი შეიტყო, რომ მისი შვილი შაჰიდი გახდა და დაიღუპა. რამდენიმე კვირაში ჰამზატის ბედი მისმა ძმამ, ჰალიტმაც  გაიზიარა.

„სედამ ფული გამომიგზავნა, მითხრა, რომ ეს ფული მე მეკუთვნის, ვინაიდან ჩემს შვილს ედო ჯიბეში.  მჯერა, რომ ჰამზატის სიკვდილის შემდეგ სედა სირიიდან გამგზავრებას გეგმავდა, მაგრამ თარხანმა გადააფიქრებინა. ნაწილობრივ, ეს ძველი ტრადიციაცაა, შაჰიდი როცა კვდება, მისი ცოლი უპატრონოდ არ უნდა დარჩეს და ალბათ, სედამაც გადაწყვიტა იმ ადამიანისთვის დაეკავშირებინა თავისი ბედი, ვისაც მისი ქმარი ასე აფასებდა”– ამბობს შაჰიდის დედა.

 

ასეთ დროს ძნელია აიცილო თავიდან მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ იქნებ, თარხანს აწყობდა კიდეც ჰალიტის სიკვდილი ისე, როგორც ბიბლიურ მეფე დავითს ურიას სიკვდილი მისი ულამაზესი ცოლის გამო, თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელია მწირი ინფორმაციის გამო”-წერს The Daily Beast 2014 წლის 27 ოქტომბრის გამოცემაში.

თარხან ბათირაშვილი  2016 წლის 14 მარტს, ის ამერიკული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა

თურქული მედიის ცნობით, სედა დუდურკაევას თან ორი არასრულწლოვანი ახლდა, რომლებიც მისი და თარხან ბათირაშვილის შვილები არიან.

 

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული