ირაკლი კობახიძემ მარგველაშვილი მოუხელთებელ ჯოს შეადარა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშრებით  გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„მარგველაშვილის მხრიდან მუდმივად სპეკულაციებს ვისმენთ. შეუძლია, გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღოს, რაშიც მას ხელს ვერავინ შეუშლის და არც არავინ არ უშლის. მან საკუთარ გადაწყვეტილებაზე უნდა იფიქროს და დიდად სხვების გადაწყვეტილებებზე ნუ იფიქრებს, ჩემი რჩევა ეს იქნებოდა. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა შანსი სოლიდური შედეგი დადოს. ვფიქრობ, რომ ასეთი შანსი არ არსებობს, თუმცა ეს პირველ რიგში, მან უნდა აწონ-დაწონოს. გიორგი მარგველაშვილს ვერ ვეტყვი, ის მეოთხე ადგილზე გავა, ან მეხუთეზე. რომელ ადგილზე გავა, თავად უნდა მოიფიქროს და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, უღირს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ანეკდოტია, მოუხელთებელი ჯოს შესახებ და შეგვიძლია, ეს ანეკდოტი გავიხსენოთ. არ შეიძლება, ადამიანმა თავი ისეთ ფიგურად წარმოაჩინოს, რომელიც რეალურად არ არის. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითად „ქართული ოცნება” განსაზღვრავს, ეს მოსწონს თუ არა მარგველაშვილს და ვიცით, რომ არ მოსწონს. შესაბამისად, დღის წესრიგის განსაზღვრაში პრეზიდენტის როლი მინიმალურია”, – განაცხადა კობახიძემ.

„მოუხელთებელი ჯოს“ შესახებ ანეგდოტში ჯო არის ადამიანი, რომლის არსებობაც არავის აინტერესებს.

Facebook Comments

ახალი დადებული