ზურაბიშვილს კენჭისყრის შემთხვევაში, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევს

პარლამენტის წევრს, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არჩევნებში მონაწილეობს ვერ მიიღებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურში განუცხადეს, ზურაბიშვილს ამჟამად საქართველოსთან ერთად, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, კონსტიტუციის გათვალისწინებით კი, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე სწორედ იმ მოტივით, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამავდროულად, საფრანგეთის მოქალაქეა, კონსტიტუციის 29-ე 1/1 მუხლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მაშინ სალომე ზურაბიშვილი და ასევე, არასამთავრობო სექტორი ცესკოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რადგან მათი აზრით, არც “საარჩევნო კოდექსი“ და არც კონსტიტუცია არ ითხოვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეს.

ამასთან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი რედაქციის კონსტიტუციასთან ერთად, ძალაში შედის “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარადგენს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, თუმცა ამის შესახებ თავად მას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. კიდევ ერთი ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი სწორედ სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს.

Facebook Comments

ახალი დადებული