იმ შემთხვევაში თუ საქართველო ნატოში შევა და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის სამხედრო ძალა განთავსდება, რუსეთის მხრიდან შემხვედრი სამხედრო დაგეგმარება მოხდება.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედისაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველო ალიანსში შევა „საქართველოსთვის ურთიერთობის ნორმალიზება სამხრეთ ოსეთთან, აფხაზეთთან და რუსეთთან არარეალური იქნება“.
კოსაჩოვი აღნიშნავს, რომ ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველოში მოხდება ნატოს სამხედრო პროგრამების დაგეგმარება, ალიანსის ქვედანაყოფების და შეიარაღების განთავსება.
„ყოველივე ეს კი, სამხრეთ კავკასიაში დამატებით დაძაბულობას შექმნის და რუსეთის მხრიდან შემხვედრი სამხედრო დაგეგმარებას გამოიწვევს“,-განმარტა კოსაჩოვმა.
ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას – წინდაუხედავი უწოდა.
„არ ვემუქრებით და არასდროს ვემუქრებოდით საქართველოს“,-დასძინა კოსაჩოვმა.