დარიკო ბერიძე-სწორედ მაშინ გადაწყდა ჩემი ბედი…..

,,ხატვა 7 წლისამ დავიწყე, თუმცა არაფერი საინტერესო არ იყო, მე ასე მგონია. გრძელი ისტორიაა, როგორ მიიქცია ჩემმა ნახატებმა დეიდა მაშიკოს ყურადღება, როგორ წამიყვანა მან უჩა ჯაფარიძესთან, რომელსაც დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს და თქვა, ხატოს თუ უნდაო… სწორედ მაშინ გადაწყდა ჩემი ბედი,”--ამის შესახებ „ინფო ფოსტალიონს“ – სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები ცნობილი ქართველი მხატვარი დარიკო ბერიძე ესაუბრა.

განსაკუთრებული ხელწერის მქონე ნიჭიერ მხატვარს საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ინგლისსა და ფინეთში 40-ზე მეტი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი. მისი ნამუშევრები , რომლებიც შესრულებულია ქსოვილზე, ქაღალდსა თუ კერამიკაზე, ნათელი, ზღაპრული და პოზიტიურია ისევე, როგორც თავად მხატვარი.

„დავიბადე 1943 წელს, 26 აპრილს თბილისში. 1963 წელს გავთხოვდი და გადავედი სასწავლებად ლენინგრადის უმაღლეს სამხატვრო-სამრეწველო უნივერსიტეტში, დავამთავრე ქსოვილების განყოფილება 1969 წელს. თუმცა მუშაობა ფაბრიკაში დავიწყე და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ წილად მხვდა ბედნიერება, გამეფორმებინა ოლიმპიური ობიექტი, სასტუმრო. ეს იყო 1980 წლის მოსკოვის ზამთრის ოლიმპიადაზე.

იმის გამო, რომ სასწავლებელში მხოლოდ ესკიზების გამოცდილება მქონდა, პრაქტიკაში კლასიკური ფერწერა არასდროს შემისრულებია, ამიტომ ჩემი საკუთარი ხელწერით და ქსოვილის საკუთარი ხედვით შევასრულე სამუშაო. პირველი ჩემი ნამუშევარი 130 კვ/მ გამოვიდა. შესრულებული იყო ნატურალურ აბრეშუმზე და სასტუმროს ფოიეში, რესტორანსა თუ სხვა ადგილებში ვიტრაჟის როლს ასრულებდა.

ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე მრავალი სცენის, საკონცერტო დარბაზისა თუ თეატრის გაფორმებაში.“,-აცხადებს მხატვარი და თავისი ორიგინალური, განუმეორებელი სტილის საიდუმლოს სამყაროს საკუთარი ხედვით ხსნის. „რაც შეეხება სტილს, ამაზე რთულია საუბარი. დროთა განმავლობაში გამომიმუშავდა სამყაროს ჩემებური ხედვა. დღეს უმეტესად გრაფიკაში ვმუშაობ“,-ამბობს მხატვარი და აღნიშნავს, რომ საქართველოში გამოფენის მოწყობის დიდი სურვილი აქვს, თუმცა ჯერჯერობით ამის საშუალება არ არის.

Facebook Comments

ახალი დადებული