Uncategorized

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ

Nusagi

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში“ დღეს ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრესკონფერენცია გამართეს და ქვეყანაში შერჩევითი სამართლის შესახებ ისაუბრეს.

ზვიად კუპრავას თქმით, 5 დღის განმავლობაში მათ ცენტრში უკვე შესულია 25-ზე მეტი საქმე, რომლებიც მათმა იურისტებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს და თითოეულ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირების მიმართ ჩაგვრა და ძალადობა იკვეთება.

„31 ივლისს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შევიტანთ აღნიშნულ საქმეებს, რათა ახალი პრემიერ-მინისტრი თავად გაეცნოს პრობლემის არსს და წინ აღუდგეს იმ ძალადობრივ სისტემას, რომელიც ამ ადამიანებს ჩაგრავს. ამ ადამიანებმაც უნდა იგრძნონ, რომ არიან სახელმწიფოს სრულფასოვანი წევრები, სრულფასოვანი მოქალაქეები“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და პროკურატურას ისინი გონივრულ ვადას მისცემენ, რათა აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით სრულფასოვანი გამოძიების წარმოება მოახერხონ.

კუპრავა მიიჩნევს, რომ ამ საქმეების გამოსაძიებლად საჭიროა პოლიტიკური ნება. მისივე თქმით, მათთან შესული განაცხადები ეხება მძიმე დანაშაულებებს, მკვლელობებს.

კუპრავამ მოითხოვა, პრემიერ-მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმეების გამოძიება.

ზაზა სარალიძემ კი განაცხადა, რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი.

„რა უსამართლობის წინაშე მე ვდგავარ, იმ უსამართლობის წინაშე დგანან ეს პირები. ფაქტია, საქართველოში არსებობს შერჩევითი სამართალი და ამ შერჩევითი სამართალის მსხვერპლი ვართ ჩვენ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

მისივე თქმით, თუკი ახალი პრემიერ-მინისტრი მათთან შეხვედრას მოისურვებს, აღნიშნული საქმეების გარდა, პირადად გააცნობს მისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალებსაც. 

„თუ პრემიერი არ შეგვხდება, გამოვა, რომ იგი თავს არიდებს ამ საქმის გამოძიებას და არ უნდა, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი მოისპოს“ , – განაცხადა სარალიძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,941 ნახვა
%d bloggers like this: