პრინცი ჩარლზი აცხადებს, რომ ეპისკოპოსმა პედოფილმა მოატყუა

მეოთხედი საუკუნის წინ, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი ეპისკოპოს პიტერ ბოლთან მეგობრობდა. 2015 წელს, როდესაც ეპისკოპოსმა 80 წელს გადააბიჯა, მას 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვნებისა და მამაკაცების მიმართ სექსუალური დანაშაულის განხორციელების გამო. ანგლიკანურ ეკლესიაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დამოუკიდებელმა კომისიამ პრინცი ჩარლზისგან განმარტება მოითხოვა, თუ რატომ აგრძელებდა ის 90-იან წლებში ეპისკოპოსთან ურთიერთობას, როცა პედოფილის რამდენიმე მსხვერპლმა პირველად ამოიღო ხმა.
პრინცმა 27 ივლისს, კომისიისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ ეპისკოპოსმა ის შეცდომაში შეიყვანა. „არასდროს ჩავრეულვარ გამოძიების პროცესში და არ დამივალებია ჩემი თანამშრომლებისთვის, ზემოქმედება მოეხდინათ გამოძიებაზე“,-წერს ტახტის მემკვიდრე. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 1997 წელს პრინც ჩარლზის სიძულვილით სავსე გამონათქვამი ეპისკოპოს-პედოფილის ერთ-ერთი მსხვერპლის მიმართ. „მე ამ საშინელ ადამიანს ისეთ ამბავს მოვუწყობ…
თუ რამეს კიდევ გაბედავს!“,-წერდა ჩარლზი ნილ ტოდზე, ადამიანზე, რომელმაც პირველად ამხილა პედოფილი. 1990 წელს ნილ ტოდმა პოლიციას მიმართა და ეპისკოპოსის მიერ მასზე სექსუალური ძალადობის შესახებ უამბო. მაშინ ის ბერობას აპირებდა. პოლიციამ ეპისკოპოსის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა, ნილ ტოდმა კი თავი ცოტა ხნით ადრე მოიკლა, ვიდრე 2012 წელს ბოლის წინააღმდეგ საქმე როგორც იქნა, აღიძრა. პრინცისა და ეპისკოპოს ბოლის მიმოწერაში, რომელიც კომისიაზე წაიკითხეს, ეპისკოპოსი ჩარლზს წერს, რომ მის წინააღმდეგ თაღლითების ჯგუფი მოქმედებს და მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია.
ჩარლზი კი თავის მხრივ, პირდება მეგობარს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ საშინელმა ადამიანმა (ნილ ტოდმა) ვერაფერს მიაღწიოს. კომისიას ჩარლზმა განუცხადა, რომ ეპისკოპოსმა ის დაარწმუნა, თითქოს მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთო ადამიანი მოქმედებედა და სიცრუის ტირაჟირებისთვის ფულს იღებდა. „თუმცა შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მე ისევე, როგორც ბევრი სხვა, შეცდომაში ვიყავი შეყვანილი“,-განაცხადა პრინცმა და დასძინა, რომ 1980-90 წლებში საზოგადოებაში ისეთი ატმოსფერო იყო, რომ ასეთი მაღალი რანგის სასულიერო პირებს სიტყვაზე ენდობოდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული