სვანეთში სტიქიის გამომწვევი პირდაპირი მიზეზი ხე-ტყის კანონიერი ან უკანონო ჭრა არ ყოფილა

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის თქმით, სვანეთში მომხდარი სტიქიის უმთავრესი მიზეზი ხე-ტყის ჭრა არ ყოფილა. მისი განმარტებით, ეს ფაქტორი ამწვავებს იმ შედეგს, რასაც კატაკლიზმები იწვევს, თუმცა, სვანეთის შემთხვევაში, ეს არაა სტიქიის უპირველესი გამომწვევი. ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას თქვა.

„სვანეთში სტიქიის გამომწვევი პირდაპირი მიზეზი ხე-ტყის კანონიერი ან უკანონო ჭრა არ ყოფილა. ასეთი მასშტაბის სტიქიები პერიოდულად, ხდება ხოლმე. ცხადია, ადამიანის ჩარევა ბუნებაში, გარემოში, ყოველთვის აძლიერებს იმ შედეგებს, რომელსაც ბუნებრივი კატაკლიზმები იწვევს.

ზუსტად ასეთი ფორმულირება ჰქონდა პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძესაც. მას არ უთქვამს, რომ ეს ხე-ტყის ჭრამ გამოიწვია. ვერტმფრენით ერთი გადაფრენითაც კი, ადგილზე ნათლად ჩანს, რამდენი სახერხი ქარხანაა ამ ხეობებში. მათი უმრავლესობა არაა ლიცენზირებული, არაა კანონიერი. გარკვეულ შემთხვევებში, ესაა მოსახლეობის რაღაც ნაწილის ბრალი, გარკვეულ შემთხვევებში – ესაა სახელწიფოს მიერ გამოწვეული. თუნდაც იმის გამო, რომ რაღაც რეგულაციები ვერ შევიმუშავეთ თავის დროზე. ხაიშის ტერიტორიაზე თითქმის შეუძლებელია, კანონიერად აწარმოო რაიმე საქმიანობა იმიტომ, რომ ეს ტერიტორია, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა 1 ლარად მიჰყიდა ინდურ კომპანიას, Trans Electrica-ს.

თვითნებურად ჩვენ ამას ვერ შევცლიდით. ეს საქმე ახლა საერთაშორისო არბიტრაჟშია და ჩვენ ნამდვილად არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც კანონის გვერდისავლით იმოქმედებდა. ვიცით, რომ წინა ხელისუფლებისას ვიღაცას დაიჭერდნენ და პირიქით, აქეთ ახვეწნინებდნენ ხელისუფლებისთვის, – იჩუქეთ თქვენგნ ნაყიდი მიწაო. ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლებრივი ბრძოლა საქართველოს და სრულიად მოსახლეობის გამარჯვებით დასრულდება.

რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში ჩვენი მხრიდან არასაკმარისი ნაბიჯებიც გადაიდგა. ესაა თემა, რომლის რეგულირება, მოგვარება, კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს ჩემი მიმართულება არ იყო, მე ამ საკითხში ყოველთვის ღრმად ვიყავი ჩახედილი. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე იმ კუთხეს ეხებოდა, საიდანაც მე ვარ. აქ არაა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. საქმე გვაქვს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პასუხისმგებლობის საკითხთანაც.

არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც ყოველთვის ურჩევნია, კანონის გვერდისავლით იმოქმედოს. თუმცა, სრული თავდადებით ვამბობ, რომ იქ აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ მათ თავი აქვთ გადადებული, რადგან ისეთ ადგილებში უხდებათ ხე-ტყის ჭრა, სადაც სიცოცხლის საფრთხეს შეიცავს ყოველი მათი გადაადგილება. როგორც ტყიბულის შახტში ყოველი ჩასვლა სიცოცხლის რისკთანაა დაკავშირებული, ისეა მათი საქმეც და შეიძლება, უფრო მეტადაც.

როცა ამას ემატება ის, რომ მათ აქვთ კანონის შიში, რომ ვინმემ არ შეამოწმოთ, ცხადია, მათ ძალიან უნდათ, რომ ეს ყველაფერი ლეგალურ ჩარჩოებში მოექცეს. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. ტყეში ყველა ვერ უნდა მიდიოდეს. ლიცენზიის გარდა მას უნდა გააჩნდეს გარკვეული სტატუსი და მომზადება. ადგილობივებს შეიძლება, მომზადება არ აკლიათ, მაგრამ შეიძლება ისინი გახდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები. ანუ, რაღაც ფორმის მოფიქრება შეიძლება”– თქვა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა ხე-ტყის იმპორტზე დაგეგმილ საგადასახადო შეღავათებზეც ისაუბრა. მისი თმით, ამით „გზა გაეხსნება“ უცხოეთიდან შემოსულ ხე-ტყეს, რომელიც შეამცირებს მოთხოვნას ადგილობრივი ხე-ტყის მასალაზე. მისივე განმარტებით, იმპორტირებული მასალისთვის კონკურენციის გაწევა შიდა ბაზარზე საგადასახადო რეგულაციების შემუშავებით შეიძლება.

„დღეიდან 8 დღის ვადაში ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას და იქ გავივლით ყველა დეტალს. არა მხოლოდ ხე-ტყის, არამედ – ალტერნატიული დასაქმების ნაწილშიც. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მესტიის რაიონის ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონი ლარი იყო. აქედან დიდი ნაწილი იყო ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხული. დღეს ბიუჯეტი 7 მილიონზე მეტია და ამ თანხის აბსოლუტურ უმრავლესობას ადგილობრივი შემოსავლები შეადგენს. ესაა ის, რასაც მივაღწიეთ მმართველობის პერიოდში. ამ რეგიონში, ჭუბერსა და ხაიშში დღეს არაა ტურიზმი ისე განვითარებული, როგორც სხვანეთის სხვა ნაწილებში. თუ ადგილობრივ ხელუხლებელ ბუნებას ტურიზმისთვის გამოვიყენებთ, ეს შექმნის ადგილობრივებისთვის ალტენატიული დასაქმების საშუალებას“ – თქვა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments

ახალი დადებული