რუსები იაფი პიცის საყიდლად 4 საათიან რიგში იდგნენ

ვოლგოგრადის მცხოვრებლები მრავალმეტრიან რიგში რამდენიმე საათი იმისთვის იდგნენ, რომ პიცა 100 რუბლად (დაახლოებით 4 ლარი) შეეძინათ. იაფი ფასთფუდის ყიდვის მსურველი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ ზოგმა საკუთარი ადგილი 1000 რუბლად გაყიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თავშეყრის მიზეზი პიცერიების ქსელის „დოდო პიცა“ აქცია გახდა, რომელიც ახალი ობიექტის გახსნის აღსანიშნავად გაიმართა. კომპანიამ განაცხადა, რომ პირველ 3 ათას პიცა „პეპერონს“ 100 რუბლად გაყიდდა, რაც რეალურ ფასზე დაახლოებით 4-ჯერ იაფია. აქციის პირობებში არ იყო შეზღუდული ერთ პირზე გასაყიდი პიცის რაოდენობა, ამიტომ, ზოგიერთი კლიენტი 10-20 ცალს ყიდულობდა.

მყიდველები რესტორნის კართან დილის 8 საათიდან განლაგდნენ. მოგვიანებით, სოციალური ქსელის ვოლგოგრადელი მომხმარებლები წერდნენ, რომ რიგში 4 საათი გაატარეს. 16:00 საათზე უკვე გაყიდული იყო 3 000-მდე პიცა.

Facebook Comments

ახალი დადებული