თეა შაყულაშვილი- ვნახე, გავიფიქრე, პრინციპში არაფერიც არ გავიფიქრე, “პროსტა ვნახე და ვსო”…

,,მეც, როგორც ყველა რიგითმა სტატისტიკურმა ქართველმა, რომელიც ბნელსა და უკუნში იშვა, ვნახე უნიჭო გადამღერება ჩემი ბავშვობის ყოვლად უწყინარი სიმღერისა, ნუ სიმღერაა რა, ზარმაც ბიჭზე , რომელსაც ყველაფერი ეზარება ჭამის გარდა, ასეთი არ შეიძლება ყოფილიყო პიონერი და მგონი არც დღევანდელ ცხოვრებაში უნდა იყო ასეთი… ვნახე, გავიფიქრე, პრინციპში არაფერიც არ გავიფიქრე, “პროსტა ვნახე და ვსო”…

არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ უნიჭო ტელევიზიებს, უნიჭო გადაცემებს დიდი ხანია ვუთხარი-არა…აი რაც გამიკვირდა, ამ უნიჭობის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, როგორ ენატრება ერს კომუნიზმი და ოქტომბრელთა, პიონერთა და კომკავშირელთა რაზმები….ანტოშკას გარშემო ერი ორად გაიყო და ერთმანეთს დაუპირისპირდა, მე იმ ბანაკში აღმოვჩნდი ეს უნიჭობა “ფეხებზე რომ ეკიდა” და თავისთავად გავუტოლდი მოღალატეს…

იმ თაობას, რომელიც, თუ არ “ამოწყდა”, ისე, “ანტოშკას” წინააღმდეგ გაერთიანებული პატრიოტული სულისკვეთება წინ ვერ წავა…ხოდა, ის მინდოდა მეთქვა ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო, რომ ძალიან მეცინება ამ ყველაფეზე და წერტილი. ამ ქვეყანაში 1977 წელს, დინამო სტადიონზე, მატჩისას (მაშინ ის სტადიონი სულ სავსე იყო_და მამაჩემი მე და ჩემს დას სულ “დაგვათრევდა”), ვიღაცამ გადმოყარა პატარა ფურცლები, რომელზეც სტამბურად, ოქროსფერი ასოებით ეწერა ” თავისუფლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას” (იქნებ ვინმეს გახსოვთ უკეთ ეს ამბავი) მე, როგორც მაშინ ძალიან პატარას, მხოლოდ ის მახსოვს, როგორ ვიტენიდით ჯიბეში ამ პატარა ფურცლებს, და როგორ დაარიგა ჩუმად მამამ სადარბაზოში, სამეგობროში და როგორ უნდოდა ყველას ეს ფურცელი მასაც ქონოდა (ხო, იმის თქმა მინდოდა, რომ მაშინ მაგის შენახვაზე, “ოქროს საწმისის წაკითხვაზე, “ამერიკის ხმის” მოსმენაზე ციხე იყო და გადასახლება “კიდო”).

ვინც ის დაბეჭდა და გადმოყარა, ვისაც აღების და შენახვის არ შეეშინდა- ჩემთვის ის ადამიანებია გმირები. 1978 წელსაც პატარა ვიყავი, როცა ჩაკეტილი სკოლის კართან ვიღაც უცნობები იდგნენ და მესამე სართულიდან “დიდი ბიჭები” ხტებოდნენ, რომ ქართული ენის დასაცავად გასულ ათასობით კიდევ უფრო ” დიდ” ბიჭებს და გოგოებს შეერთებოდნენ…ან დახვრეტილიყვნენ, მაშინ დედაჩემმა ხელი მომკიდა და ჩვენც წავედით. პატარა აღარ მეთქმოდა, როცა “თვითმფრინავის ბიჭების” ამბავი მოხდა და კარგად მახსოვს, როგორ განიხილებოდა ეს ამბავი ჩემთან სახლში,სამეზობლოში, მეგობრების ოჯახებში, კომუნისტებში, პარტიულებში, “დახვრეტს ეს დამპალი”, “დახვრეტენ ეს გარეწრები”… და არამც და არამც “დასახვრეტები არიან”, მერე მე და ჩემმა რამოდენიმე კლასელმა გოგომ ღამე, სკოლის გვერდითა შესასვლელის მორგებული გასაღებით (საიდანაც შატალოზე მივდიოდით ხოლმე) სკოლაში “შევაღწიეთ”, პიონერთა ოთახის წინ გამოკრული პოლიტბიუროს წევრების სურათებიდან ედიკას და ბრეჟნევის სურათები ჩამოვხსენით, შუშის ჩარჩო მოვხსენით, სვასტიკები დავახატეთ, ისევ შევაბრუნეთ ჩარჩოში და დავკიდეთ და ისევ ჩუმად, ოფლში გაწურულები გამოვიძურწეთ (თითის ანაბეჭდებს რომ ვწმენდდით ეგ ყველაზე უფრო ნათლად მახსოვს).

ეს იყო ჩვენი პროტესტი თუ არ ვიცი რა დავარქვა… მეორე დღეს გამტკნარებულ დედაჩემს და მამაჩემს თვალებში ვერ ვუყურებდი და პირველად შემეშინდა, ამ ამბავზე არასდროს გვისაუბრია და ბევრი წლების მერე მითხრა დედამ, რომ ზუსტად იცოდა, რომ ჩემი ხელი აუცილებლად “ერეოდა” ამ ამბავში. მერე უამრავი მიტინგი, დემონსტრაცია, 9 აპრილი, ომები, ბევრი დაღუპული მეგობარი ამისისტები, იმისისტები, უშუქობა, უპურობა, ნავთის რიგი, მეცხრე ბლოკი, აფეთქებული ფიდერი, “კრუშკით” ბანაობა, წყალზე მოხარშული მაკარონი, რკოს ყავა, სიგარეტის ბიჩოკები…

აი ყველაფერი გამოვიარეთ, რასაც ბევრი, ყველაზე უფრო საშინელ სიზმარშიც ვერ ნახავთ და არასდროს, არასდროს არ მომნატრებია რუსეთი და საბჭოთა კავშირი, არ მონატრებია “ის ბედნიერი” წლები არავის ჩემს გარშემო, ჩვენ ვიძახდით “ბალახს შევჭამთ, ოღონდ თავისუფლები ვიყოთ” გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ “მარტო ბორჯომი გვაცხოვრებდა” და ვჭამეთ ბატონებო ის ბალახი, სიამოვნებით ვჭამეთ სოკოიანი პური, კარტოფილის და კვერცხის ფხვნილი და არასოდეს მიგვიხედია უკან.

…ხოდა იმის თქმა მინდა, რომ როცა ამ ყველაფერს გაივლი შეგნებით, რომ ასე უკეთესია, ვერანაირი უნიჭო სიმღერა ვერ გაგიჩენს ნოსტალგიებს, ვერ წაგართმევს ” პაწრიოწიზმს”. და ლექსენის “პატრინოტზე” გამარჯვებული სიმღერაზე “ნაცეკვი” და “ნამღერი” ხალხი, 5 წუთით შუქის წასვლაზე გულიც რომ მიგდით და ოე, ოეს ძახილით ფბ-ზე რომ შემოცვივდებით, ნუ შემომესევით თქვენმა მზემ და თქვენი კვნესამე…

ასე თუ გეშინიათ, და თქვენს გარშემო ისევ “საბჭოთა ჯაშუშები” და საბჭოეთის მოსურნენი არიან ან იმათ გააგებინეთ, რომ დაინგრა და აღარ არსებობს, ან იმათ პატრონებს-რომ ექიმს აჩვენონ ან თქვენ შეიცვალეთ წრე და ქართული სიტყვებით წერა ისწავლეთ…აი ძალიან რომ “გიტყდებათ”, თქვენი ბორდის, ურგენტულის, ქეისის, ქოუჩის, დედლაინის, ემერჯენსის, ტრენინგის და ვალიდურობის ჭირიმე რა….”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი თეა შაყულაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული