რა უნდა იცოდნენ ქართველებმა, რომ თურქეთში მუშაობის ნებართვისგან გათავისუფლდნენ

თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ქართველებისთვის, საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქეთის რეგიონებში ჩაის კრეფის სეზონი სრულდება და ახალი სეზონი სექტემბერში იწყება. იქ დასაქმებული ქართველების დიდი ნაწილი უკან დაბრუნდება. ამიტომ სეზონზე მუშაობის მსურველი ქართველები ვალდებულნი არიან მიიღონ უცხოელთა მუშაობის ნებართვისგან გათავისუფლების დოკუმენტი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში უცხოელთა მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტის მისაღებად ორი ეტაპის გავლაა საჭირო.

პირველი ეტაპი – თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ქართულ ენაზე ივსება სავალდებულო ინფორმაცია (პასპორტში ან პირადობის მოწმობაში არსებული მონაცემები, აგრეთვე თურქეთში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონეთათვის, ამ ნებართვის დაწყება-დასრულების თარიღი და დროებითი ნომერი). სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმის დასრულების შემდეგ, საჭიროა ამ ფორმის ამობეჭდვა;

მეორე ეტაპი – სისტემიდან ამობეჭდილი განცხადების პირველადი ფორმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად (პასპორტი ან პირადობის მოწმობა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გაცემული შესვლა-გამოსვლის საბუთი, ხოლო თურქეთში ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეთათვის – პასპორტი და ბინადრობის ნებართვის დოკუმენტი) წარედგინება თურქეთის იმ რაიონის გამგეობას (Kaymakamlığı), სადაც აპირებს მოქალაქე დასაქმებას და მიიღოს შესაბამისი საბუთი, რომელიც მუშაობის ნებართვის აღებისგან ათავისუფლებს.

შენიშვნა: მუშაობის ნებართვის აღებისგან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეს ერთ კალენდარულ წელიწადში მაქსიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში შეეძლება სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე (ჩაი და თხილი) დროებით დასაქმება, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მოქალაქეთათვის თურქეთში კანონიერად ყოფნის ვადას.

განცხადების შესავსებად, დაინტერესებულმა პირი უნდა შევიდეს თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, ხოლო შემდეგ გრაფაში “Dil Seçim“ აირჩიოს განცხადების შევსების ენა.

Facebook Comments

ახალი დადებული