ჩემი შვილი ოსამა – ბინ ლადენის დედა სიჩუმეს არღვევს

ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის დედამ  17 წლის განმავლობაში პრესასთან სიჩუმე პირველად დაარღვია და 2001 წლის 9.სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, The Guardian-ის ჟურნალისტს პირველი ინტერვიუ მისცა.

ალია განემის თქმით, ბინ ლადენი ბავშვობაში სამაგალითო ბავშვი და ძალიან კარგი შვილი იყო, თუმცა „სხვა ადამიანი“ გახდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, მეფე აბდულ-აზიზის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. დედა ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მისი მორიდებული და მორცხვი ბიჭი ექსტრემისტი გახდებოდა და სისხლიან ტერაქტებს მოაწყობდა, წერს გამოცემა.

„ალ ქაედას“ ლიდერის დედამ ჟურნალისტი საუდის არაბეთში, საკუთარ სახლში მიიღო, მასთან ერთად ინტერვიუს დროს მისი ორი ვაჟიშვილი- ბინ ლადენის ნახევარძმები და მეორე ქმარი, ბინ ლადენის მამინაცვალი იმყოფებოდნენ. როდესაც ქალი ცოტა ხნით ოთახიდან გავიდა, ოჯახის წევრებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ ალიას დღემდე არ სჯერა, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი, როდესაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მისი შვილის ორგანიზებული იყო.

„ის არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, სანამ უნივერსიტეტში შეხვდებოდა ადამიანებს, რომლებმაც მას ტვინი გამოურეცხეს, მე ყოველთვის ვეუბნებოდი, მათგან თავი შორს დაეჭირა, ის კი მიმალავდა ყველაფერს, იმიტომ, რომ მიფრთხილდებოდა, მე მას ძალიან ვუყვარდი“,-ამბობს ბინ ლადენის დედა.

1971 წელი. ბინ ლადენი მარჯვნიდან მეორე.

სწავლის პერიოდში,  ბინ ლადენმა გაიცნო ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ წევრი აბდულა აზამი, რომელიც მისი სულიერი წინამძღოლი გახდა. მოგვიანებით ბინ ლადენმა ავღანეთში სიარული დაიწყო, ის იქ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა, რამაც თავის ქვეყანაში დიდი პოპულარობა მოუტანა, მისი ოჯახის წევრებს კი სიამაყის გრძნობა გაუჩინა, სანამ გააცნობიერებდნენ, რომ ოსამა ჯიჰადისტი გახდა.

ბინ ლადენის დედა ოჯახთან ერთად ქალაქ ჯიდაში ცხოვრობს და საუდის არაბეთის საზოგადოებაში ერთ-ერთი პატივსაცემი ფიგურაა. გაზეთის რეპორტიორი მის სახლს აღწერს და ამბობს, რომ ის დიდი და მდიდრულად მოწყობილია. მისაღები ოთახის კედლებზე, ჩარჩოებში ჩასმული ოსამა ბინ ლადენის ფოტოები კიდია, ბინ ლადენის ორი ქვრივი კი ბავშვებთან ერთად ქალაქის მახლობლად ცხოვრობს.

ბინ ლადენის დედა და ნახევრაძმა აჰმადი

ოსამა ბინ ლადენი- ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაედას“ ლიდერი იყო და 1998 წლიდან იძებნებოდა, როგორც ყველაზე საშიში ტერორისტი. ის ამერიკულმა სპეცრაზმმა  2011 წლის 2 მაისს ,პაკისტანის ვილაში მოკლა, მისი ცხედარი კი ზღვაში გადააგდო.

2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაედას“ ტერორისტებმა ოთხი ამერიკული თვითმფრინავი მოიტაცეს. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, მესამე პენტაგონის შენობას დაეცა, მეოთხე კი ქალაქ შანკსვილთან ჩამოვარდა, პენსილვანიაში. შედეგად დაიღუპა 3 ათასი ადამიანი, 19 ტერორისტი. ასევე დაშავდა ოთხი ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე.

 

Facebook Comments

ახალი დადებული